მართლა ოჯახი

მამა-შვილურები


ფეხბურთში ერთი დაუწერელი კანონია - გუნდი ნამდვილი ოჯახივით უნდა იყოს. წარმატება მხოლოდ მაშინ მოდის, როცა მოთამაშეები, სამწვრთნელო შტაბი და ხელმძღვანელობა ერთსულოვანნი არიან. უეჭველად, არის ამაში რაღაც საკრალური, მაგრამ ისეც ხდება, რომ ზოგიერთები ამ იდეოლოგიას პირდაპირი მნიშვნელობით იგებენ.

ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, როცა მამა მწვრთნელს გუნდში თავისი შვილი მიჰყავს. თუმცა, ვთქვათ, ჩეზარე და პაოლო მალდინების, ან საქართველოს ნაკრების მწვრთნელის, ვლადიმირ ვაისის და მისი შვილის სლოვაკეთის ნაკრებში ერთობლივ მუშაობას თუ გავიხსენებთ (უმცროსი ვაისი სლოვაკთა ერთ-ერთი ლიდერი იყო), სურათი მკაფიო იქნება, პაოლოც და უმცროსი ვლადიმირიც წონიანი ფეხბურთელები იყვნენ თავის გუნდებში. მალდინიზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია... მაგრამ, ხშირად არის შემთხვევები, როცა დღეს გავრცელებული სიტყვა რომ ვიხმაროთ - ნეპოტიზმის შემთხვევბს აქვს ადგილი და როგორც წესი, წარმატება არ მოაქვს.

 

გეხსომებათ, სულ ახლახან ზინედინ ზიდანი მადრიდის რეალში  მთავარ მწვრთნელად დაბრუნდა. დაბრუნდა და თავის ვაჟს, ლუკას, რომელიც კლუბის ახაგაზრდულ გუნდში თამაშობდა, ძირითადში გამოჩენის შანსი მისცა. ლუკამ უესკასთან ითამაშა, ორი გოლი გაუშვა და ამის შემდეგ ის რასინგში გაანათხოვრეს. სამეფო კლუბში კი მისი მომავალი ბუნდოვანი გახდა.

აი, ბერლინის ჰერტა კი ამ მხრივ გამორჩეულია. პალ დარდაი გუნდს 2015-19 წლებში წვრთნიდა. მანამდე კი ახალგაზრდებთან მუშაობდა. მისი ვაჟი პალკო დადაი მამამისის დროს მივიდა გუნდში. გრძელი გზა გაიარა ძირითად შემადგენლობამდე. სადებიუტო შეხვედრა მან 2018 წლის 28 აპრილს გამართა აუგსბურგის წინააღმდეგ. სულ 12  მატჩი ითამაშა პირველ გუნდში მამის ხელმძღვანელობით. ის ამპლუით გარემარბია, მაგრამ შედეგიანობით არ გამორჩეულა. მამა დარდაიმ კლუბი წლეულს ივნისში დატოვა. მას შემდეგ აღარც პალკო გამოჩენილა ძირითადში. ის 20 წლისაა და მომავალში კიდევ შეიძლება გამოიჩინოს თავი. საინტერესოა, რომ ჰერტას ახალგაზრდულ გუნდში მისი უმცროსი ძმა - მარტონიც ირჯება.

დარდაი მთავარი მწვრთნელის პოსტზე ანტე ჩოვიჩმა შცვალა. ხორვატი სპეციალისტიც წინამორბედის მსგავსად, მანამდე ახალგაზრდებთან მუშაობდა. დაინიშნა თუ არა თანამდებობაზე, შვილიც მიიყვანა. მორისის დებიუტი ძირითადში 2019 წლის ნოემბერში შედგა. მაგრამ ჩოვიჩიც გაათავისუფლეს.

 

ჰერტაში ასევე თამაშობდა ანდრეას კიოპკე, ლეგენდარული გერმანელი მეკარე, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი ბუნდესნაკრების შემადგენლობაში. სულ ახლახან, ის იურგენ კლინსმანის სამწვრთნელო შტაბში შევიდა. მოგეხსენებათ, ჰერტა სეზონის ბოლომდე კლინსმანმა ჩაიბარა. წარმოიდგინეთ და, კიოპკეს შვილიც ჰერტაში თამაშობს. თუმცა აქ სიტუაცია სხვაგვარია. 24 წლის შემტევი პასკალ კიოპკე, ჯერ კიდევ მეორე ბუნდესლიგაში გამოირჩეოდა ერცგებირეს შემადგენლობაში. ჰერტაში თავისი დამსახურებით მოხვდა. ხოლო ბერლინურ კლუბში დებიუტი დაახლოებით ერთი წლის წინათ ჰქონდა. მამამისის მისვლამდე დიდი ხნით ადრე. შესაძლოა, სწორედ პასკალია ის პიროვნება, ვისი გულისთვისაც კიოპკე კლინსმანის წინადადებას დათანხმდა. ის მეკარეების მწვრთნელი გახდა.

და კიდევ, ცოტა ხნის წინათ, კლინსმანის ვაჟიც ჰერტას ფეხბურთელი იყო... ჯონათანი მეკარეა და აშშ-ის ნაკრებშიც მოუსინჯავს ძალები. თუმცა, გასულ ზაფხულს, ის შვეიცარიულ სენტ-გალენში გადაბარგდა. 

მოკლედ, ჰერტა მართლა ოჯახია.