ხუთეული სამეულის გარეშე

ოთხშაბათის ფეხბურთი 

ბოლო დროს თითქოს დაუძლურებულმა მანჩესტერმა ოთხშაბათს, ბოლო დროს თითქოს მოფერიანებულ ტოტენჰემს უმასპინძლა და, თითქოს დუნე და მოსაწყენი თამაში ფრიად თვალსასეირო გამოუვიდა, 

მანჩესტერმა დასაწყისშივე გაიტანა. რეშფორდმა იყოჩაღა. მას საგოლე პასი ლინგარდმა გაუკეთა, ვინც ტოტენჰემთან ძველებურად სასარგებლო იყო გუნდისთვის. სწორედ ლინგარდმა მოიპოვა ბურთი შეტევის მარცხენა ფრთაზე, მეტოქის საჯარიმოს შორიახლოს და რეშფორდს დასარტყმელად მიაწოდა.

ოთხშაბათის მანჩესტერი იყო სრულიად საწინააღმდეგო იმისა, რასაც ბოლო პერიოდში მიგვაჩვია. ეს იყო ფეთქებადი, ამაღელვებელი, დომინანტი, რომელსაც ჰყავდა გამოკვეთილი ლიდერი — მარკუს რეშფორდი. 

ერთადერთი, რაც „დეზების“  მწვრთნელმა ჟოზე მოურინიუმ შეძლო, სათადარიგოთა სკამთან დგომა და თამაშის ყურება გახლდათ. მან ვერაფერი გააკეთა,  „ვერაფერში“ თამაშის შეცვლას და სათავისო კალაპოტში მოქცევას ვგულისხმობთ, თორემ ჩვეულებრივი შეცვლები პორტუგალიელმა კი აკეთა...


ინგლისში ჩვენმა კოლეგებმა თქვეს, რომ ტოტენჰემთან მანჩესტერმა ის ფეხბურთი ითამაშა, რისკენაც ოლე გუნარ სულშერს გუნდი მიჰყავს. ნორვეგიელის სამწუხაროდ, მისი შეგირდები ასე მხოლოდ დროგამოშვებით თამაშობენო. 

პირველ ტაიმში მანჩესტერს მეორე გოლის გატანა შეეძლო, მაგრამ პირიქით მოხდა: დელე ალიმ, რომელიც ჟოზე მოურინიუს მწვრთნელად მოსვლის შემდეგ თითქოს თავიდან დაიბადა, 38-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა. უნდა ითქვას, რომ ამ ეპიზოდამდე ალი ჩრდილში იყო, მაგრამ ამ ეპიზოდში გაიბრწყინა — ან რა ბურთის მიღება აჩვენა, ან რა დამუშავება თუ დარტყმა.

ტაიმის ბოლოს ანგარიშის გათანაბრება ხშირად თავიდან დაწინაურებული გუნდისთვის ხშირად არასასურველი შედეგით მთავრდება ხოლმე, მაგრამ ოთხშაბათს პირველი და მეორე ტაიმიც მანჩესტერის გამოდგა - თამაშის განახლებისთანავე რეშფორდი მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა და ალალი პენალტი მოინადირა. თერთმეტმეტრიანი თავად  შეასრულა — გასანიგას ნახტომის საპირისპირო კუთხეში გაუტანა. 

ამ შეხვედრაში ვერ ივარგა ტოტენჰემის თავდასხმამ, კერძოდ ნაქებმა ჰარი კეინმა. არადა, მოურინიუს დაბრუნების შემდეგ „დეზებმა” პირველ სამ შეხვედრაში 10 გოლი გაიტანეს.

ოთხშაბათამდე სერიოზულად იყო ლაპარაკი მანჩესტერიდან სულშერის დათხოვნის შესახებ, თუმც ნორვეგიელმა, რომელის გუნდმაც გაზაფხულზე ასევე კრიტიკულ მომენტში პსჟ-ს პარიზში აჯობა, თავად კი უფროსებს კონტრაქტი გააფორმებინა, ამჯერადაც იმარჯვა და ვფიქრობთ, მინიმუმ სეზონის ბოლომდე გადადო მანჩესტერში მისი ყოფნა არყოფნის საკითხი. 

სატურნირო ცხრილში სულშერის გუნდი ახლა მეექვსე ადგილზე დადგა. 21 ქულა აქვს და  ჩემპიონთა ლიგის ზონას რვა ქულა აშორებს. ტოტენჰემზე ქულით და არსენალზე ორით ნაკლები. პრემიერლიგის ოთხეული, გნებავთ ხუთეული ბოლოდროინდელი სტატუსქვოს გათვალისწინებით ტოტენჰემის გარეშე წარმოუდგენელია, მანჩესტერ-არსენალზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია... თუმც მომავალშიც თუ ტოტენჰემთან მოთამაშე მანჩესტერი იქნება, ვითარებაც გვარიანად შეიცვლება...