თორნიკე კლავს

შენგელია გააძლიერებდა ნებისმიერ ევროპულ გუნდს.

ამ სეზონში თორნიკე შენგელია ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშეა.

ამ სეზონში შენგელია კლავს.

თამაშით. თოკო არასოდეს ყოფილა ასეთი მრავალფეროვანი, დომინანტი, იმპროვიზატორი.

განწყობით. თოკო ბასკონიაში ლიდერია. თოკო ბასკონიაში ალაგებს, ქმნის, ამტვრევს იმ, მეორე გუნდს. სამწუხაროდ, წელს თოკოს ყველაზე სუსტი, ცუდ ფორმაში მყოფი თანაგუნდელები ჰყავს.

ბასკონიას აკლია სტაბილურობა. გუნდი უგებს ევროლიგის მოქმედ ჩემპიონს და აგებს ბევრად სუსტთან. ბასკონიასგან განსხვავებით, თოკო სტაბილურია და სამწუხაროდ, შენგელია ყველაფერს ვერ იგებს.

გუნდი ხელს უშლის.

17.5 ქულა, 5.3 მოხსნა, 2.6 პასი. ლიდერის სამაგალითო სტატისტიკა. ბოლო მეოთხედში ჩვენი ბიჭი თითქმის ყოველთვის მოედანზეა. ეს ნდობაა. ეს დამსახურებაა. ეს სიყვარულია.

თოკოს ბასკონიასთან კარგი კონტრაქტი აქვს გაფორმებული. და, ალბათ ხელშეკრულების ბოლომდე იქნება იქ, სადაც უნდა იყოს.

შენგელია გააძლიერებდა ნებისმიერ ევროპულ გუნდს, მაგრამ ვიცი, რომ თოკოს მოგება, ჩემპიონობა და პროგრესი ბასკონიასთან ერთად სურს.

და, როდესაც რეალები და ბარსელონები ახალ მოთამაშეებში ევროპისთვის არნახულ კუშებს იხდიან, აქ, თოკო ცუდი გუნდით ცდილობს გადაჯოკვრას.

თორნიკე კლავს. ბასკონიას კლავენ. და, ჩვენ ვამაყობთ, რომ თოკო ქართველია.