დინამო ფავორიტთან ვერაფერს გახდა

ქართული გუნდი კვლავ უქულოდაა

წყალბურთში ჩემპიონთა ლიგის B ჯგუფის მე-7 ტურში, თბილისის დინამო პრო რეკოს ესტუმრა. იტალიური კლუბი ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი და 8 გზის გამარჯვებული გახლავთ, ამიტომაც ფავორიტად სწორედ პრო რეკო იყო მიჩნეული. მატჩი მასპინძელთა სასარგებლოდ 24:9 დასრულდა. 

 

აღსანიშნავია, რომ ჩომახიძის გუნდმა დღევანდელი შეხვედრა დანაკლისით ჩაატარა. დინამოს მაღალი სიცხის გამო ანდრია ბითაძე დააკლდა. 

 

პირველი პერიოდი ჩვენმა გუნდმა საკმაოდ ცუდად ჩაატარა. მეტოქემ დინამო აშკარად დაჯაბნა, რაც ანგარიშშიც აისახა. საწყისი 8 წუთი პრო რეკოს გამარჯვებით 8:0 დასრულდა. 

 

მეორე პერიოდში, როცა ანგარიში 10:0 იყო მარკო ელაჩამ 1 ბურთი გაქვითა. დინამომ მალე 5 მეტრიანის შესრულების უფლება მოიპოვა, რომელიც ზუკა რურუამ გოლად აქცია. თავისი შანსი ცეპულიამაც გამოიყენა, თუმცა მაგ მომენტში ანგარიში 13:3 გახდა. 

 

მესამე პერიოდში ჩვენები გააქტიურდნენ და კიდევ 4 გაიტანეს. თითო გოლი იმნაიშვილის და ბაღათურიას ანგარიშზეა, 2 კი ელაჩასი. 

 

ბოლო პერიოდში დინამომ 2 გოლი გაიტანა. 1 ბურთი ჯახაიამ შეაგდო, ბოლო წუთს კი რამდენიმე სვლიანი კომბინაცია მარკო ელაჩას ზუსტი დარტყმით დასრულდა. შეხვედრა საბოლოოდ მასპინძელთა გამარჯვებით 24:9 დამთავრდა.

 

დინამოს ამ მომენტისთვის 0 ქულა აქვს და ბოლო ადგილზეა. შემდეგ მატჩს რევაზ ჩომახიძის გუნდი 4 თებერვალს კვლავ პრო რეკოს წინააღმდეგ, ამჯერად უკვე საქართველოში ჩაატარებს.