ზიდანი ლუნინის დაბრუნებას აპირებს

წყაროს ცნობით, მადრიდელები 20 წლის უკრაინელს ვალიადოლიდიდან დააბრუნებენ

ესპანური მედიის ინფორმაციით, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ვალიადოლიდის მეკარე, ანდრეი ლუნინი მადრიდის რეალში დაბრუნდება.

 

შეგახსენებთ, რომ ლუნინი რეალის საკუთრებაა, ვალიადოლიდში ის იჯარის წესით ასპარეზობს.

 

მადრიდელთა ხელმძღვანელობა უკმაყოფილოა იმ ფაქტით, რომ ახალგაზრდა უკრაინელს სათამაშო პრაქტიკა არ აქვს. 20 წლის მეკარე ვალიადოლიდს მიმდინარე წლის ზაფხულში შეუერთდა, თუმცა ძირითად შემადგენლობაში მას არ უთამაშია. ვალიადოლიდის მთავარი მწვრთნელი, სერხიო გონსალესი, ესპანელ მეკარეს - ხორდი მასიპს ენდობა.

 

წყაროს ინფორმაციით, უკრაინელის დაბრუნების შემთხვევაში, ზიდანი მასზე აქცენტის გაკეთებას არ გეგმავს - ფრანგი სპეციალისტი ტიბო კურტუას ძირითადი შემადგენლობიდან ამოგდებას არ აპირებს. მადრიდელები ახალგაზრდა მეკარეს მხოლოდ იმ შემთხვევაში დააბრუნებენ, თუ მისთვის სხვა კლუბს მოძებნიან.

 

რეალმა ლუნინი 2018 წელს 8,5 მილიონი ევროს სანაცვლოდ ლუგანსკის ზარიადან გაიფორმა, რის შემდეგ იჯარით ლეგანესში გაანათხოვრა, სადაც მან 7-ჯერ ითამაშა.