ბელარუსთან ბათუმში? გვინდა და შესაძლოცაა

„ჩვენი დიდი სურვილია, რომ 26 მარტს საქართველო–ბელარუსის მატჩი ბათუმის ახალ სტადიონზე გაიმართოს. სურვილიც არის და შანსიც“ – გვითხრა ინტერვიუში ბათუმის დინამოს პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ.

ბათუმის დინამოს მშვენიერი სეზონი ჰქონდა. ეროვნულ ლიგაში გადმოსული გუნდი მეორე ადგილზე გავიდა და ცოტა დააკლდა ჩემპიონობამდე. ბერიძესთან საუბარიც სწორედ სეზონის შეფასებით დავიწყეთ – რა იყო მთავარი, რაც გუნდს დააკლდა...

 

ბერიძე: რამდენიმე ფაქტორი იყო. ჩემპიონობა რთულად მისაღწევია, ყველაფერი გათვალისწინებული უნდა გქონდეს. რა დაგვაკლდა? უპირველესად ვიტ ჯორჯიასთან ვერმოგება. შინ 1:1 ვითამაშეთ. ვიცი, მეორე ადგილიც კარგი შედეგია, მაგრამ როცა ასე ახლოს ხარ...  

 

ცნობილია, რომ საკმაო თანხას ხარჯავთ კლუბში და დღეს ფეხბურთელებისთვის მისაზიდია ბათუმის დინამოში თამაში. სამწუხაროდ, არ გბაძავენ. რას იტყვით, რა შეიცვალა ეროვნულ ჩემპიონატში ბიზნესმენის თვალით?

 

დღეს სხვა რეალობაა. სამი–ოთხი წლის წინ ბუნებრივ მოედანზე მხოლოდ თბილისის დინამო და ლოკომოტივი თამაშობდნენ, ახლა კი ეროვნულ ლიგაში ხელოვნურ საფარზე თამაში აკრძალულია. კლუბებს სტადიონი გაუკეთეს. ფეხბურთის ფედერაცია მთავრობასთან ერთად ბევრს აკეთებს.  ორი ცუდი მოედანი დარჩა და სამწუხაროდ, ერთი ჩვენი: ანგისას ბაზაზე და ჩიხურას სტადიონი ივანწმინდაში. თუმცა ჩვენი ანგისის ბაზა დაიკეტა, იქ გაისად სხვა საფარი იქნება.

 

რა არ მოგწონთ ეროვნულ ლიგაში?

 

ის, რომ მაყურებელი არ დადის. მაყურებლის გარეშე ფეხბურთი ბევრს კარგავს. ჰკითხეთ ფეხბურთელებს, როგორ მოსწონთ ბათუმის სტადიონზე თამაში.  

 

მშენებარე სტადიონზე... როგორც ვიცით, მარტისთვის მზად უნდა იყოს.

 

დიახ, იმედი გვაქვს, ჩემპიონატს სწორედ ახალ სტადიონზე დავიწყებთ, ანგისას კი სავარჯიშოდ გამოვიყენებთ. ჩემპიონატი მარტში დაიწყება და მშვენიერი იქნება, პირველი მატჩი ახალ, ულამაზეს არენაზე ჩავატაროთ. დარწმუნებული ვარ, საფეხბურთო ზეიმი შედგება. და მითუმეტეს, თუ ბათუმში ჩატარდება 26 მარტის მატჩი: საქართველო–ბელარუსი.

 

ამის შესახებ უკვე ითქვა და საინტერესოა, რამდენად არის შანსი...

 

ჩვენი დიდი სურვილია და შანსიც. ვფიქრობ, ბათუმელი გულშემატკივრები, რომლებიც კარგ ატმოსფეროს ქმნიდნენ და ჩემპიონატი გაალამაზეს, ასეთი თამაშის მასპინძლობას იმსახურებენ. თუმცა მანამდე შორია. ვნახოთ, როგორ გადაწყდება. დარწმუნებული ვარ, მატჩზე დასწრების იმხელა მოთხოვნა იქნება, ვერც დინამო არენა დაიტევს და ხალხი გარეთ, ქუჩაში უყურებს თამაშს.

ბათუმში არასათამაშო დღეებშიც იგრძნობა საფეხბურთო ატმოსფერო?

 

დიახ. სასიამოვნოა, გამოდიხარ ქუჩაში და ხალხი კაშნეებით, მაისურებით. რამდენიმე წლის წინ ბათუმში ამას ვინ იფიქრებდა?!

 

ტრანსფერებზე: მათე ცინცაძე დაიმატეთ. ვაგნერ გონსალვეშის საკითხიც მოგვარდა?

 

ვაგნერი სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს გააფორმებს. ყველაფერი შეთანხმებულია.

 

გავიგეთ, რამდენიმე წლის წინ ბათუმის დინამო ჯაბა კანკავასა და ნიკა კვეკვესკირის გადაყვანას ცდილობდაო. ამჯერად კიდევ ხომ არ გაქვთ მოლაპარაკებები?

 

კონკრეტულად კანკავაზე და კვეკვესკირზე არ დავაკონკრეტებ, მაგრამ ზოგადად გეტყვით, რომ რამდენიმე ფეხბურთელის დამატებას ვაპირებთ, მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ და მათ შორის საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრებიც არიან. აქვე გეტყვით, რომ ორი შეკრება გვექნება. ერთი თურქეთში, მეორე კი ან ისევ თურქეთში, ან ესპანეთში, ან არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში. და კიდევ, მალე ადიდას–ის წარმომადგენლებსაც შევხვდებით და პუმა–საც. გაირკვევა, ვისთან გავაფორმებთ კონტრაქტს. 5–წლიან კონტრაქტზეა საუბარი.