რაც დღეს თელავში ღვინო დაილევა...

რაც დღეს თელავში ღვინო დაილევა... 

ზღვა ემოცია... ზღვა სიხარული... ზღვა ცრემლი... სინანული... იმედგაცრუება... რუსთავში, ფეხბურთის ფედერაციის აკადემიის მოედანზე დიდი დრამა გათამაშდა... 

ერთ-ერთი ყველაზე ტრადიციული, თვითმყოფადი, თუმც ამჟამად ქალაქის უფროსობისგან ბედის ანაბარა მიტოვებულმა რუსთავმა ეროვნული ლიგის ადგილი თელავს დაუთმო, ქალაქსა და გუნდს ერთდროულად, თავად კი ჩაჩოჩდა და გაისად უკვე მისი სახლის სახელი ეროვნული ლიგა 2 იქნება. საწუხაროა!  მაგარამ, აბა თელავსაც ვკითხოთ, გუნდს, რომლის ქომაგებიც მასპინძლებს მნიშვნელოვნად სჭარბობდნენ - რაოდენობით, ხმაურით, ცხადია, სიხარულის გაზიარებით... 

12 წელიწადი ისტორისთვის, არც ისე ბევრია. აი, კახური ფეხბურთისთვის კი უსაშველოდ დამღლელი... 

12 წელიწადი ელოდა კახეთი, კერძოდ თელავი ეროვნულ ლიგაში დაბრუნებას. და დაბრუნდა, დაბრუნდა ზუსტად თელავის სახელით, რომელიც სულ რაღაც სამი წლის წინ ირაკლი ვაშაკიძემ, სოსო გრიშიკაშვილმა და ალექსანდრე ამისულაშვილმა დააფუძნეს. როგორც თავად, ფეხბურთელობისას, კლუბიც ნელ-ნელა, აგურ-აგურ, ნაბიჯ-ნაბიჯ განავითარეს, ლიგიდან ლიგაში გადაიყვანეს და აჰა, ბატონო, მიზანიც მიღწეულია... თუმც არა, ეს უფრო შუალედური მიზანია, ამ კლუბის ხელმძღვანელობა-უფროსობის შემხედვარემ შეუძლებელია არ იფიქრო - ესენი უფრო შორს წავლენ... 

 

რუსთავ-თელავს შორის ვითარება კი საპასუხო მატჩის პირვლსავე წუთზე დაიძაბა. მასპინძლებმა მეტოქეს სალამი არ აცალეს და უმალ პენალტი გამოიმუშავეს. ბექა ქავთარაძემ უნაკლოდ დაარტყა და დენთის კასრის ფითილიც შეუნთო - ორი მატჩის ჯამში ანგარიში გათანაბრდა - 1:1.

ფეხბურთთან ერთად დაიწო ნერვების თამაში. სიტუაცია მალევე დაიძაბა, მოედანზე საქმის გარჩევა დაიწო, რაც საბოლოოდ ორივე გუნდის თითო ფეხბურთელის გაფრთხილებით დამთავრდა. აქეთ ხალხიც აღელდა და შეხლა-შემოხლის პრევენციის მიზნით პოლიციის დსამატებითი ჯგუფის გამოძახება გახდა საჭირო... თუმც საქმე იმის იქით აღარ წასულა - რამდენიმე წუთში თელაველებმა გიორგი ლაცაბიძეს საკუთარ კარში გაატანინეს გოლი, კიდევ 15 წუთში კი თორნიკე ძეწონიძე უბერებელი ალექსანდრე კოშკაძის ჩაწოდებულ  შეეგება ყველაზე მაღალ წერტილში და, თამაშიც იქ დაამთავრა - 1:2.

მეორე ტაიმი სათამაშო კი იყო, მაგრამ წყვილში გამარჯვებულის ვინაობა ცხადი გახდა - თელავი. სწორედ მაშინ იყო ზღვა სიხარულისა... ცრემლისა... სინანულ-იმედგაცრუებისა... 

კახელებს ვულოცავთ და ველით ეროვნულ ლიგაში... 

რაც დღეს თელავში ღვინო დაილევა, ბოლო წვეთამდე ალალი იყოს, შეგარგოთ!