სიტის თამაშის მეორე დღეს დაწერილი

თუ გინდათ „რა ჯანდაბამ მათქმევინაო,“ ასე მოვაქართულოთ. კულტურულადაც გამოგვივა

მანჩესტერ სიტის თამაში ერთხელ არ ჩაივლის ისე, უნებლიედ ბარსელონას რომ არ შევადარო. ძველ ბარსელონას, ვირტუოზულს, ტიკი-ტაკურს. მსოფლიოს უმეტესი ნაწილი ტრანსში რომ ჰყავდა, უმცირესს კი ნერვები ეშლებოდა, რადგან ვერ ხვდებოდა რა მოსწონთ დანარჩენებს ბურთის ამ „მოედნის სიგანეზე გორებაში“. და მაინც, ყველა ხედავდა, რომ მათ წინაშე იყო ფენომენი; რაღაც ძალიან უცხო და არნახულად მაღალი დონის. ამ ყველაფრის შემოქმედი კი გახლდათ პეპ გვარდიოლა, კაცი რომელიც აგერ უკვე მესამე სეზონია ზემოხსენებულ სიტის უდგას სათავეში. ამიტომაც ვადარებ ხოლმე ბარსელონას „ქალაქელებს“.

ეჭვი არ მეპარება, რომ პეპმა მანჩესტერშიც ისეთივე გუნდის შენება დაიწყო, როგორიც 2008-12 წლებში კამპ ნოუზე შექმნა. თამაშის პრინციპებზე ვამბობ, თორემ ახალ გუნდში მესი რომ არ ჰყავდა, ამას, ცხადია, ჩვენზე უკეთ ხედავდა. კატალონიელმა ისიც კარგად იცოდა, რომ ეტიჰედზე არც ჩავი ეყოლებოდა და არც ინიესტა, მაგრამ არის რაღაც პარამეტრები, რომლებსაც მოტიკიტაკე გუნდის ფეხბურთელები უნდა აკმაყოფილებდნენ და ამ პარამეტრების მიხედვით ეძებდა ახალ მოთამაშეებს. სხვათა შორის, რამდენიმე წლის წინ ერთი უცხოელი ანალიტიკოსის წერილი წავიკითხე, სადაც ავტორი ასაბუთებდა, რომ სწორედ ბარსელონური იდეით გუნდის შექმნამ განაპირობა კამპ ნოუზე ერთ თარგზე მოჭრილი ნახევარმცველებისა და თავდამსხმელების სიჭარბე. მგონი იგივეა მანჩესტერშიც.

ამასაც რომ თავი დავანებოთ, შეუძლებელია ადამიანი, რომელიც ამა თუ იმ დიდ იდეას ემსახურება, უცებ, სხვა პრინციპებზე გადახტეს. გამორიცხულია. რად უნდა ლაპარაკი, რომ ყველგან, სადაც პეპ გვარდიოლა მიდის, იმ ბარსელონას აკეთებს.

 

კატალონიელი მწვრთნელის კარიერაში, ბარსასა და სიტის შორის იყო კიდევ ერთი კლუბი, ბაიერნი, რომელიც მან ამასწინათ, პრესკონფერენციაზე ახსენა. უნებლიედ წამოცდა. რაღაცაზე ლაპარაკობდა, სიტის თქმა უნდოდა და უცებ, „ბაიერნ მიუნიჰ“-ო. იქვე მიხვდა, რომ შეეშალა, ჩაიცინა და ჩაილაპარაკა: „ბაიერნ მიუნიჰ, what the fuck”-ო. ამ what the fuck-ს ქართულად ზუსტად ვერ ვთარგმნი და ამიტომ შევეშვები. ნუ, თუ გინდათ „რა ჯანდაბამ მათქმევინაო“ ასე მოვაქართულოთ. კულტურულადაც გამოგვივა.

თუმცა, ინგლისური გინების გადმოქართულებაზე დროის ხარჯვას იმის თქმა მიჯობს, რომ ეს წამოცდენა შეიძლება ძალიან სიმბოლურიც კი იყოს. ანუ, სადღაც იქ, პეპის გონების ქვედა სართულებზე არის გარკვეული მოდელის ფეხბურთი და ზემოთ მას ბარსელონა ერქმება, ბაიერნი თუ სიტი, სულერთია. თავად გვარდიოლას, როგორც კატალონიელ პატრიოტს, ალბათ უჯობს ბარსელონა ერქვას, მაგრამ ეს უკვე ფეხბურთის სფეროდან არ არის. ეს პეპის გონების სხვა განყოფილებიდანაა.

და მაინც, გვარდიოლას სიტი გვარდიოლას ბარსელონა არ არის. ისევე როგორც მისი ბაიერნი არ იყო ბარსა. ბარსა სხვა გამოუვიდა, უნიკალური და ამას რასაკვირველია თავისი მიზეზები აქვს. პირდაპირ ვიტყვი — ჩემი აზრით, მესი ამის მხოლოდ ერთი მიზეზია, მაგრამ არა ერთადერთი. ვისაც ფეხბურთის ისტორიის წიგნები აქვს წაკითხული შესაძლოა დამეთანხმოს, რომ სავარაუდოდ, გვარდიოლას ბარსელონა ჯერ კიდევ 1960-იანი წლების ბოლოს, ამსტერდამში დაიწყო, როდესაც რინუს მიხელსმა ტოტალური ფეხბურთის და უნიკალური აიაქსის შენება დაიწყო. კიდევ იყო იოჰან კრუიფი, ჰოლანდიის ნაკრები, შემდეგ კრუიფის გადასვლა ბარსელონაში სადაც ზოგადად ესპანური ფეხბურთისა და კერძოდ კატალონიური გენის სახით ნოყიერი ნიადაგი დახვდა. ამას მოჰყვა 90-იანი წლების „ოცნების გუნდი“ თავისი რომარიოებითა და სტოიჩკოვებით, სადაც თავად გვარდიოლა თამაშობდა და დიდი ჰოლანდიელის ყოველ ნათქვამს ისრუტავდა.

ბევრმა შეიძლება არ იცის და შემდეგ იყო გვარდიოლას მოგზაურობები არგენტინაში, მარსელო ბიელსასთან, რათა ამ ნაკლებად გაპიარებულ გურუსთან ტაქტიკაზე და თანამედროვე ფეხბურთზე ელაპარაკა. იმავდროულად იყო ბარსელონას საყმაწვილო აკადემია ლა მასია, რომელიც ბავშვებს კრუიფის დანერგილი მეთოდებით ზრდიდა. და როდესაც ყველაფერმა ერთად, 2007 წლის ბოლოს, თავი კამპ ნოუზე მოიყარა, დაიბადა ის, რასაც სხვაგან და სხვა დროს ვერავინ გააკეთებდა.

მესი? მესი უდიდესი ფეხბურთელია, რომელიც აგერ, სხვანაირ ბარსაშიც გენიალურად თამაშობს. 

პეპი კი დადის გუნდიდან გუნდში და დააქვს იდეა, რომელსაც ვინ იცის, იქნებ ოდესმე კიდევ შეასხას ხორცი, მაგრამ გულწრფელად გეტყვით, მეეჭვება ისეთი გამოუვიდეს, მსოფლიოს უდიდესი ნაწილი ტრანსში რომ ჰყავდა, მცირე ნაწილს კი ნერვები ეშლებოდა, ბურთის ეს სიგანეზე გორება როგორ მოსწონთო.