გმირი წაგებული ომიდან (+video)

არ უყვარს მუსიკა, არ უყვარს ფილმები, სამაგიეროდ, უყვარდა გოლების გატანა და უყვარს დოღი. ასეთია იუბილარი... მაიკლ ოუენი დღეს 40 წლის გახდა. 

რა სწრაფად მიდის დრო, არადა, გეგონება გუშინ იყო, ინგლისის ნაკრების პატარა ბიჭუნამ ნახევარ არგენტინას რომ ჩაუქროლა და ლამაზი გოლი გაიტანა მუნდიალზე.

 

იმ დროს ოუენის ასაკი უფრო ნაკლები იყო, ვიდრე მის მაისურზე გამოსახული რიცხვი. 18 წლის გახლდათ, 20 ნომრით კი თამაშობდა.

 

მერე რა, რომ მერვედფინალში გავარდა. უიღბლობა იყო. არ ვიცით, ვისთვის როგორ, მაგრამ მაშინდელზე მაგარი ინგლისის ნაკრები აღარ მინახავს. გლენ ჰოდლს ბრწყინვალე ბიჭები ჰყავდა არა მხოლოდ სერ ალექს ფერგიუსონის მანჩესტერ იუნაიტედიდან, არამედ კიდევ სოლ კემპბელი, სტივ მაკმანამანი, ალან შირერი, პოლ ინსი... და დღევანდელი იუბილარიც.

 

15 წელიწადი ითამაშა, მაგრამ რაღაც გაორებული შთაბეჭდილება დატოვა. მოიგო ოქროს ბურთი, ნაკრებში გაიტანა 40 გოლი, გრანდებში ითამაშა, მაგრამ იმ წელს, 1998-ში რომ გვახსოვს და მერე მის კარიერას გადახედავ, იფიქრებ - უფრო დიდი უნდა გამხდარიყო.

 

და მაინც, დღევანდელი ვარსკვლავური ლივერპულიც კი ისურვებდა მაშინდელ მაიკლ ოუენს - ჯერჯერობით ბოლო ინგლისელს, რომელმაც ოქროს ბურთი მოიგო.

 

მანამდე ბოლო ინგლისელი, რომელმაც ეს პრიზი ჩაიხუტა, კევინ კიგანი იყო. ეს მოხდა 1979 წელს და სწორედ იმ წელს დაიბადა ოუენი...