მესი, კობი, კროსბი VS რონალდუ, ლებრონი, ოვეჩკინი

პორტუგალიელი, რომელიც ალბათ, არასოდეს, ვერასოდეს ვერ დაასრულებს კარიერას. 

პირველი სამი ელეგანტურად გკლავს და ბოლო დარტყმისთვის აუცილებელ ენერგიას ინახავს, ბოლომდე სახით ტალახში არ დაგმარხავს.

მეორე სამი დაგლეწავს, დაგამტვრევს, უსულო სხეულს ჰაერში კიდევ ერთხელ ააგდებს და ბოლომდე დაგმარხავს. ისე, რომ სასახლეში შენს სახეს ვერავინ ვერ დაინახავს.

ლეო მესი, კობი ბრაიანტი და სიდნი კროსბი ფეხბურთის, კალათბურთის და ჰოკეის მხატვრები არიან. არგენტინელი ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მაგრად თამაშობს ფეხბურთს, მაგრამ არ არის საუკეთესო ფეხბურთელი. ეს ტიტული დიეგო მარადონას ან - პელეს ეკუთვნის.

კობიმ მაიკლ ჯორდანის შემდეგ ყველაზე არტისტულად მოკლა ლიგა და ბოლო თამაშში იუტას აკოცა. კობი მიქელანჯელო იყო.

სიდნი კროსბი ყინულზე ხატავს - უფრო, იმპრესიონისტია. და, სიდნი იგებს. ბევრს იგებს. ყველაფერს იგებს.

და, რჩება ეს, მეორე სამი ტიტანი.

პორტუგალიელი, რომელიც ალბათ, არასოდეს, ვერასოდეს ვერ დაასრულებს კარიერას. და, ბოლომდე გამტანი, ამტანი, მშრომელი მანქანა იქნება.

ლებრონი, რომელიც არის კობიც, კრის პოლიც, დუაიტ ჰოვარდიც და ლებრონიც. ეს ტერმინატორი წლიდან წლამდე უფრო სრულყოფილი სქემით იწყებს სეზონს. და, იგებს.

რუსი, რომელსაც აკლია კბილები, ტაქტი და რომელსაც ყოველთვის დიდი დოზით აქვს ლტოლვა, ნიჭი, არარეალური ფიზიკური კონდიციები და ალექსანდრს ყველაზე მაგრად უყვარს თავისი საქმე. დღესაც, პატარა ბავშვივით უხარია ყველა გატანილი შაიბა და ის იგებს.

მე, უფრო მეორე სამეული მომწონს. ოვის და ლებრონის გამო.

თქვენ?