გიორგი ჩაკვეტაძე: ცხოვრებაშიც მშვიდი ვარ

ლიდერსპორტის ინტერვიუ გიორგი ჩაკვეტაძესთან

მას არ უყვარს ბევრი საუბარი. ჩუმი, მოკრძალებული და მშვიდია. ალალად ვთქვათ, არც გვინდა, რომ ინტერვიუებით თავი მოგვაწყინოს. მოგვწონს და გვიყვარს ისეთი, როგორიც არის.

შარშანწინ ჭაბუკთა ლიგაზე თამაშობდა, ახლა კი ყველა ქართველი გულშემატკივარი იმედით შეჰყურებს. თან, გემოვნებიან გულშემატკივარს რომ ტანში ჟრუანტელს დააყრის, ისე თამაშობს.

11 წლის იყო, როცა პირველად ვნახე გიორგი ჩაკვეტაძის თამაში. ვარკეთილში ტურნირი მიმდინარეობდა,  თამაზ კოსტავას გაწვრთნილ ნორჩ დინამოში თამაშობდა და თუ სწორად მახსოვს, ჩემპიონიც გახდა და საუკეთესო ფეხბურთელიც. ან, შესაძლოა, ბომბარდირიც. შანსი არ იყო, არ დაგამახსოვრებოდა ადამიანს... დაახლოებით ერთი-ორი წლის შემდეგ დავით ყიფიანის ხსოვნის ტურნირზეც იფრინა.

საქართველოს ნაკრების, პსვ-ის და ტვენტეს ყოფილი ნახევარმცველი გოგა გახოკიძე - მისი მეშვეობითა და კავშირებითაც მოხვდა ჩაკვეტაძე გენტში. ამ ინტერვიუს საკითხშიც გახოკიძე დაგვეხმარა, რისთვისაც მადლობას ვუხდით. აკი დავწერეთ, რომ ჩაკვეტაძეს ინტერვიუები არ უყვარს... გახოკიძე, ბელგიელი მენეჯერი როჟერ ჰენროტაი და მისი პარტნიორი, ასევე საქართველოს ნაკრების ყოფილი ფორვარდი ლაშა ჯაკობია - მათი დამსახურებაა ჩაკვეტაძის თბილისის დინამოდან გენტში გადასვლა.  

პროგრესი თვიდან თვემდე: ჩაკვეტაძემ ლამაზი შემოდგომა გვაჩუქა, ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების გამარჯვებებში დიდი როლი ითამაშა. 19 წლისაა და იმედია, გამართლდება, რასაც ვფიქრობთ: "ჯერ სადა ვართ"...

-გოლები, საგოლე პასები, სიმბოლურები, საუკეთესო ფეხბურთელობა: ყველაფერი უცებ მოვიდა და რის ხარჯზე?

-ყველაფერი შრომის ხარჯზე მოხდა და პლუს, კარგმა პირობებმა განაპირობა.

-საქართველოში უამრავი ბავშვისთვის და ჭაბუკისთვის მაგალითი ხარ. რას ურჩევდი მათ?

- ბავშვებს ვურჩევდი, რომ იყვნენ თავის საქმის მოყვარულნი და მაქსიმუმი გააკეთონ. ასეთ შემთხვევაში გამოუვათ ყველაფერი.

-ბელგიაში, როგორც ფეხბურთელმა და პროფესიონალმა, რა მხრივ მოუმატე? რომ შევადაროთ შარშანდელი და წლევანდელი ჩაკვეტაძე...

-ბელგიაში ძალიან კარგი პირობებია და ვხედავ, როგორ პროფესიონალურად უდგებიან საქმეს. მეც ვცდილობ მაქსიმუმი გავაკეთო.

-გენტში მწვრთნელი შეიცვალა. ამან რაიმე შეცვალა შენთვის?

-იეს ტორუპი ძალიან კარგი მწვრთნელია და რასაც მავალებს, ვცდილობ კარგად შევასრულო.

-საქართველოს ნაკრებით ყველანი გახარებულები ვართ. როგორ დაახასიათებ  მოკლედ ჩვენ ნაკრებს და ვლადიმირ ვაისს?

-ძალიან ბედნიერი ვარ, რომ საქართველოს ნაკრების მაისური მაცვია და მენდობიან. გულით მინდა, ბევრი გამარჯვება ვიზეიმოთ და ხალხი გავახაროთ. რაც შეეხება ვაისს, ძალიან კარგი მწვრთნელი და კარგი ადამიანია.

-ბოლოს, ლატვიასთან გავიხსენოთ: მეტოქე ხშირად გეუხეშებოდა, შენ კი ერთხელაც არ გიპასუხია და ეს ძალიან მოსასწონი საქციელი იყო. ზოგადად, მშვიდი ხასიათი გაქვს?

-საერთოდ, ყოველთვის ვცდილობ ემოციებს არ ავყვე და პროფესიონალურად მივუდგე ჩემს საქმეს. ისედაც, ცხოვრებაშიც მშვიდი ადამიანი ვარ.

-ახლა შენგან უკვე მეტს მოითხოვენ. მზად ხარ ამ ტვირთისთვის?

- მე ჩემს მაქსიმუმს გავაკეთებ ყოველთვის და ვნახოთ, როგორ გამომივა.

-ყველაზე მეტად რა გენატრება საქართველოდან?

-ყველაზე მეტად ჩემი მშობლები და მეგობრები.

-მოსალოდნელ ტრანსფერზე. რა ხდება ამ მხრივ, რაიმე კონკრეტული არის? და რომელი გუნდებისგანაა ინტერესი?

-ჯერ არ მინდა ამ თემაზე ვისაუბრო...უფრო ზაფხულში გაირკვევა ბევრი რამე.