ასათიანი! ქალაქი განსაკუთრებული საფეხბურთო სულით...

დორტმუნდის ბორუსია არცერთი ტიტულის რაოდენობით არაა პირველი, არც ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი გაუკეთებია. 

იქ არც პელეს უთამაშია, არც მარადონას, არც მესისა თუ რონალდუს, არც იოჰან კრუიფსა თუ მარკო ვან ბასტენს, არც ზინედინ ზიდანსა თუ მიშელ პლატინის, მაგრამ მაინც პირველი კლუბია მსოფლიოში - რით, ბევრი მიხვდება...

 

რით და მაყურებელთა დასწრებით: სიგნალ იდუნა პარკზე 81 365 კაცი ეტევა და სულ სავსეა. ატმოსფეროს ნუ იტყვით, ფოთოლცვენა გეგონებათ, ყვითელ-შავი ფონი, მოფრიალე დროშები, მაისურები, კაშნეები...

 

როგორ არ ვახსენოთ... იყო დრო, თბილისის დინამო ხუთეულში შედიოდა ევროპაში დასწრების მხრივ, ახლა კი შედარებაც უხერხულია.

 

დავუბრუნდეთ დორტმუნდის ბორუსიას და აი, რაზე გაგვახსენდა:  კლუბი 110 წლის გახდა. 1909 წელს ერთ-ერთ ბარში შეიკრიბა 18 პიროვნება, რომლებმაც მანამდე ისაუბრეს კლუბის შექმნაზე და იმ დღეს უბრალოდ, იდეა სისრულეში მოიყვანეს. ამ 18 კაცს შორის მთავარი ტვინი და ინიციატორი იყო ფრანც იაკობი.  

 

დღეს, როცა ბევრ გუნდს და მათ შორის გრანდებს ფილოსოფია შეცვლილი აქვთ, დორტმუნდს არასოდეს გადაუხვევია ჩიხისკენ: შეტევა, პუბლიკაზე თამაში, სილაღე, რასაც ზოგჯერ შედეგი ეწირება. ასეთი მახსოვს ოტმარ ჰიტცფელდის BVB 90-იანი წლების შუაში და ასეთია ახლაც, ლუსიენ ფავრის მწვრთნელობისას. სახელ-გვარები იცვლება, ფილოსოფია კი არა...

 

სწორედ დორტმუნდშია გერმანული ფეხბურთის მუზეუმი, სადაც შესვლა 17 ევრო ღირს. იქაა ძველისძველი ტელევიზორი, სადაც შეგიძლიათ ნახოთ 1954 წლის მუნდიალის სასწაული ფინალის, ასეევე სხვა დიდი მატჩების მომენტები; იქაა ფრანც ბეკენბაუერის 1974-ის ფინალის დროინდელი მაისურა; მარიო გიოტცეს ბუცი, რითაც არგენტინას მკვლელი გოლი გაუტანა და ბევრი რამ...

 

BVB გერმანიის 8-გზის ჩემპიონია, 4-ჯერ მოიპოვა თასი, 5-ჯერ სუპერთასი, ერთხელ თასების თასი და განსაკუთრებული წელიწადი ჰქონდა 1997-ში: ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ზემოდან დაამატა უეფას სუპერთასი და ზემოდან საკონტინენტთაშორისო თასი (დღევანდელი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი).   

 

 

ანდრეას მიოლერი, მათიას ზამერი, შტეფან კლოსი, იურგენ კოლერი, კარლ-ჰაინც რიდლე, 18 წლის ლარს რიკენი... ბრწყინვალე გუნდი ჰყავდა ჰიტცფელდს. მცირე ჩავარდნის მერე კიდევ გაიბრწყინეს, 2002 წელს ბუნდესლიგა მოიგეს როსიცკი-ამორუზო-კოლერ-ევერტონით;

 

მერე იყო საშინელი წლები, ერთი პერიოდი გავარდნასაც ძლივს გადაურჩა კლუბი და მოვიდა იურგენ კლოპი, ამას მოჰყვა ზედიზედ ორი ჩემპიონობა.  შინჯი კაგავა, რობერტ ლევანდოვსკი, ლუკას ბარიოსი, ნური შაჰინი, მატს ჰუმელსი, პატარა მარიო გიოტცე და მოგვიანებით უკვე მარკო როისი - დღევანდელი BVB-ის კაპიტანი, ლიდერი, თილისმა და ყველაფერი. როისი სიგიჟემდე უყვართ ფანებს არა მხოლოდ მაგარი ფეხბურთელობის, არამედ პიროვნული თვისებების გამოც. არავითარი ბაიერნი, უპირველესად ერთგულება!..

 

დორტმუნდი არაა მეგაპოლისი, 600 000 მაცხოვრებელიც არაა და გარშემო გაცილებით დიდი ქალაქებია (კიოლნი, დიუსელდორფი...), მაგრამ სიგნალ იდუნა პარკი მაინც სულ სავსეა. მოკლედ, დორტმუნდში სხვა საფეხბურთო სული ტრიალებს.