სიძულვილი

sic! ამას ეუბნებოდნენ ოქროს ბურთის მფლობელს!


ღმერთო, რა ლამაზად თამაშობდა რობერტო ბაჯო… და რა ძლიერად. არაფერს ვამტკიცებ, უბრალოდ ვკითხულობ: იყო ვინმე იტალიური ფეხბურთის ისტორიაში „ღვთაებრივ ცხენისკუდაზე“ უკეთესი? 

ის ყველგან უყვარდათ. თვით ისეთ შორეულ ქვეყანაშიც კი, როგორიც საქართველოა. და ის სძულდათ. ხოლო, მოძულეთა შორის ერთი კაცი გამოირჩეოდა.

1994 წლის ზაფხული. პასადენა. მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალი. ბრაზილია vs იტალია. ბაჯოს (თუმცა, არა მარტო მას) პენალტების სერიაში, სიზუსტემ უმტყუნა. ჩემპიონი ბრაზილიის ნაკრები გახდა. 

„განტევების ვაცი სჭირდებოდათ და მომაგნეს“ —  თქვა მაშინ „ღვთაებრივმა ცხენისკუდამ“. არადა, ბაჯოს გარეშე იტალიის ნაკრები კარგად გაწვრთნილი, მაგრამ უნაპერწკლო გუნდი იყო. ამბობენ, რომ 1994 წლის მუნდიალზე ბაჯოს თამაში დიეგო მარადონას 1986 წლის ვირტუოზული გამოსვლის შემდეგ ყველაზე დიდი „ერთი კაცის შოუ“ იყო მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში. (კი მაგრამ, 62-ის გარინჩა? თუ ეგ უფრო ხალხური თქმულება და ლეგენდაა?)  

 

მოკლედ, ვინმესთვის ხომ უნდა შეეხოცათ ხელი. ჰოდა, ბაჯოზე გაბრაზდნენ...

მაშინ, იტალიელი ფანტაზისტა მარჩელო ლიპის ჯერ არ იცნობდა. ლიპი ნაპოლიდან იუვენტუსში იმ ზაფხულს გადავიდა. გადავიდა და გამოაცხადა, ჩემს ხელში იუვე ბაჯოზე დამოკიდებული გუნდი აღარ იქნებაო.

მაესტრომ დაპირება აასრულა. ჯერ ერთი „ცხენისკუდა“ აცილებულ პენალტს განიცდიდა და კალაპოტიდან იყო ამოვარდნილი, შემდეგ კი პადოვაში, საჯარიმო დარტყმის დროს (არადა, ბურთი კალათბურთელივით ჩასვა ბადეში) სერიოზული ტრავმა მიიღო. სწორედ მაშინ გაეხსნა გზა ახალგაზრდა ალესანდრო დელ პიეროს.

ტრავმამ და ასპარეზზე დელ პიეროს გამოსვლამ, არა მხოლოდ ლიპის, არამედ იუვენტუსის დირექტორთა ცნობილ ტრიადას — ლუჩანო მოჯის, რობერტო ბეტეგასა და ანტონიო ჯირაუდოსაც — აფიქრებინა, რომ ერთი ვარსკვლავის მეორით ჩანაცვლების შესანიშნავი შანსი ეძლეოდათ და დასრულდა თუ არა სეზონი, „ღვთაებრივ ცხენისკუდას“ გამოუცხადეს, ამიერიდან, ძირითად შემადგენლობაში ადგილი გარანტირებული ვეღარ გექნება და ხელფასსაც შეგიმცირებთო. sic! ამას ეუბნებოდნენ 1993 წლის ფრანს ფუტბოლის ოქროს ბურთის მფლობელს!

და 28 წლის ბაჯო იუვედან წავიდა.

 

გავიდა ოთხი წელიწადი. ამ ხნის განმავლობაში რობერტომ რამდენიმე გუნდი გამოიცვალა და საბოლოოდ ინტერში ამოჰყო თავი. შემდეგ სეზონში მარჩელო ლიპიც იქ მივიდა.

„მე მისთვის განსაკუთრებული მოპყრობა არ მითხოვია. ვთხოვე, სხვებს როგორ შანსსაც მისცემ, მეც ისეთი მომეცი, მეთქი“ - იგონებდა მერე „ცხენისკუდა“.

ლიპი დათანხმდა, მაგრამ... 

იმ წლებში ინტერში ინტრიგების პერიოდი იდგა. მორატიმ ერთიმეორის მიყოლებით სამი მწვრთნელი გაუშვა. ამიტომაც სჭირდებოდა ახალდანიშნულ ლიპის დაწვრილებით სცოდნოდა, რა ხდებოდა მის ზურგს უკან, ვინ რას ამბობდა და ვინ რას ფიქრობდა... 

2001 წელს გამოცემულ ავტობიოგრაფიაში, რომელსაც ჰქვია „გოლი ცაში“, ბაჯო წერს, რომ ლიპიმ მას ჯაშუშობა სთხოვა. და „ცხენისკუდას“ სწამს, რომ მწვრთნელმა სწორედ მაშინდელი უარის გამო შეიძულა განსაკუთრებული სიძულვილით.

უარიდან რამდეიმე დღეში, ვარჯიშზე, ბაჯომ ვიერის გენიალური ორმოცმეტრიანი პასი ჩააწოდა. ვიერიმ და კრისტიან პანუჩიმ ტაში დაუკრეს და უცებ: „ეი, ვიერი და პანუჩი, რას აკეთებთ?! აქ, სამუშაოდ ვართ მოსულები, ტაშის საკვრელად კი არა. ჩემ გუნდში ტაშს ვერავინ ვერავის დაუკრავს და ეს სინიორ ბაჯოსაც ეხება!“ - აღრიალდა მწვრთნელი. 

„უნდა გესმინათ, რა შხამიანად წარმოსთქვა ეს სიტყვები, - წერს ბაჯო, - ჭკუაზე იყო გადასული“.

და ურთიერთსიძულვილი გაგრძელდა.

ერთხელ, ლიპიმ მოედანზე მთელი გუნდი შეყარა და „ცხენისკუდას“ ყველას გასაგონად გამოუცხადა, რომ ის ინტერის დონის ფეხბურთს ვეღარ თამაშობდა. 

 

შემდეგ, აპიანო ჯენტილეში, ინტერის ბაზაზე, სასადილოში, ბაჯომ ოფიციანტს, სალათისთვის  ორი ნაჭერი პეპერონის დამატება სთხოვა. მეორე დღესაც იგივე განმეორდა, მაგრამ ამჯერად მიმტანმა უარი უთხრა: „უკაცრავად, მაგრამ გუნდის მთავარი ექიმის ნებართვის გარეშე ვერ მოგცემთ“. ბაჯო დაეჭვდა და ექიმთან გადაამოწმა. ექიმმა ეჭვი დაუდასტურა —  ამიერიდან, პირადად ლიპის ნებართვის გარეშე, ბაჯოს ერთ ნაჭერ ძეხვსაც აღარ მისცემდნენ. ფეხბურთელის წონაზე ზრუნავდა მაესტრო?

ბოლოს ინტერმა გამოაცხადა, რომ ბაჯოს გაყიდვა სურდა, ფეხბურთელმა კი მწვრთნელის გასამწარებლად სხვაგან გადასვლაზე უარი თქვა და… ჩაატარა თამაშები, სადაც ციდან ვარსკვლავები მოწყვიტა.

აბა რას იზამდა, ბაჯო იყო…

თუმცა, ძალიან ხშირად სათადარიგოთა სკამზე უწევდა ჯდომა.

შემდეგ კი ეპოქა დასრულდა. ლიპიცა და რობერტო ბაჯოც დიდი იტალიური ფეხბურთის ისტორიის საკუთრებად იქცნენ. 
დიდებული მწვრთნელი და საოცარი ფეხბურთელი.