ეს ანტეა!

ლეიკერსი პირველ მეოთხედში მონდომებული იმპოტენტი იყო - მხოლოდ 17 ქულა. 

ლეიკერსი მილუოკიმ გადაკეცა, უკანა ჯიბეში ჩაიდო და ოდნავ გამომწვევად გაერიდა ბრძოლის ველს. მილუოკიმ ლოს ანჯელესის მეორე გუნდიც დაამტვრია. ძვლებში. მილუოკი დღეს პირველია.

დღეს არ ნიშნავს ფლეი ოფს და მილუოკიმ ეს იცის.

უბრალოდ, გუნდი არარეალურად კარგ კალათბურთს თამაშობს.

ლებრონ ჯეიმსმა და ენტონი დევისმა მილუოკისთან 104:111 წააგეს. მეტი უნდა წაეგოთ.

საბოლოო ანგარიშმა დაინდო ლეიკერსი. მილუოკიმ - არ დაინდო.

დევისმა 6 სამიანი გაუშვა. ყველა გააფუჭა. და, იანის ანტეტოკუმპომ 8 სამიანიდან 5 ზუსტად შეასრულა. მუტანტის ისედაც ლეტალური არსენალი ამ იარაღითაც შეივსო. ეს იანისი იყო. და, დევისის არაზუსტი და ბერძენის მკვლელი სამიანის შემდეგ მილუოკის უპირატესობა 14 ქულამდე ავიდა.

მთელი თამაშის განმავლობაში ეს სცენარი მიდიოდა. ლეიკერსი დაქაჩავდა და ბაქსი ეგრევე ახალი მაჩეტეთი გამოდიოდა.

ლეიკერსი პირველ მეოთხედში მონდომებული იმპოტენტი იყო - მხოლოდ 17 ქულა. ლეიკერსი ერთ მომენტში 21 ქულით ჩამორჩა ბაქსს. ლეიკერსი არ არის საჩემპიონო ბენდი. ქაღალდზე ალბათ, არის და რეალურად - ვერ ქაჩავს.

ლებრონ ჯეიმსმა 21 ქულა, 12 მოხსნა და 11 პასი დასვა, დევისი 36 ქულაზე ავიდა, მაგრამ ეს იყო იანისის საღამო. 34, 11 მოხსნა, 7 პასი და მონაცვლეობითი დომინაცია დევისთან და ლებრონთან.

იანისმა დაგლიჯა.