გოლის ბიჭი

Leadersport-ი გთავაზობთ რუბრიკას – "სკაუტ რეპორტი". ვფიქრობთ, 16-17-18-19 წლის ფეხბურთელებზე ჩვენთან ძალიან მწირი ინფორმაციებია. არადა, მხარში დგომა სჭირდებათ. გვერწმუნეთ, იმსახურებენ.

 არაერთი ჭაბუკია, რომლებიც ნდობას ამართლებენ. ეს ჩანს ჩვენი ჩემპიონატის სტატისტიკიდან და თამაშებიდანაც. ამ ბიჭების საქმე ვარჯიში და განვითარებაა, ჩვენი კი – მათი გაცნობა...

 

გიორგი გულიაშვილი (05.09.2001) – საბურთალო 2, თავდამსხმელი

 

საერთო აზრია, რომ საქართველოში გოლზე დაგეშილი თავდამსხმელების დეფიციტია. ეს პრობლემა, ალბათ, ბევრ სხვა ქვეყანაშია. რატომ არის ეს ტენდენცია, ამაზე დიდხანს შეიძლება მსჯელობა.

 

ასაკობრივ ნაკრებებში გვყავს იმედისმომცემი შემტევები და მათ შორისაა გიორგი გულიაშვილი. საერთო ჯამში, მას უკვე ოცზე მეტი სანაკრებო გოლი აქვს გატანილი.

 

გულიაშვილმა ყურადღება მიიქცია თბილისის სფფ აკადემიაში, როცა გოლები გოლებზე გაჰქონდა. შარშანწინ საბურთალომ წაიყვანა და კონტრაქტი გაუფორმა. ეს სეზონი საბურთალო 2–ში გაატარა და ლიგა 3–ში ერთ–ერთი საუკეთესო იყო. ორჯერ ითამაშა მთავარ გუნდში და ორივეჯერ საქართველოს თასზე. დიდი ალბათობით, მომავალი წლიდან მიეცემა შანსი.

 

ტიპიური თავდამსხმელია, ოღონდ არა ტარანული ტიპის, არამედ უფრო მოძრავი, გოლის ალღოთი. მაღალი არაა, მაგრამ კარგი ნახტომი აქვს და თავითაც გააქვს.

 

წლეულს ჰეთ-თრიქი შეასრულა 19–წლამდელთა ევროშესარჩევის შეხვედრაში, ლიხტენშტაინთან (7:0). საქართველომ ეს შესარჩევი ვერ გადალახა, მაგრამ ორ კვირაში იტალიას მოუგო ამხანაგურში - 2:1. ჩვენებიდან პირველი გოლი სწორედ გულიაშვილმა გაიტანა. მართალია, რიკოშეტი იყო, მაგრამ ფორვარდს იღბალიც უნდა ჰქონდეს.

 

ათიოდე დღის წინ კი ასევე 19-წლამდელებში მშვენიერი გოლი გაუტანა ბელარუსს. ზურგით მდგომმა დინამიკაში, თავით თავზე გადაუგდო ბურთი მეკარეს.   

 

გიორგი ქარელის რაიონის დაბა აგარიდან არის. მიზანდასახული და მშრომელი ჭაბუკია, აი ვარჯიშების მერეც რომ რჩებიან და თავიანთ ნაკლზე რომ მუშაობენ, ისეთი. გუნდშიც და ნაკრებშიც ყველას უყვარს.