ვალვერდე VAR-ზე: შეცდომებისგან დაზღვეული არავინაა

ბარსელონას თავკაცმა ვიდეორეფერიზე ისაუბრა

ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ, ვიდეორეფერის მუშაობის თავისებურებებზე საკუთარი აზრი გამოთქვა.

 

"ამ საკითხზე არაერთხელ გვისაუბრია. VAR-თან დაკავშირებული დისკუსიები არ დასრულდება. ფეხბურთს კამათი ყოველთვის თან ახლავს, რადგან ეს სპორტი თავისთავად ქმნის სადავო მომენტებსა და გარემოებებს. როგორც თამაშამდე, ისე მისი დასრულების შემდეგ, საკამათო ეპიზოდები მაინც იარსებებს.

 

ცხადია, ვიდეორეფერის საკუთარი როლი აქვს, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას მთავარი არბიტრი იღებს. ადამიანური შეცდომებისგან დაზღვეული არავინაა. ყველაფერი მსაჯის შეხედულებაზეა დამოკიდებული, სწორედ ამიტომ - თუკი დღეს ერთი მხარე იქნება უკმაყოფილო, ხვალ - მეორე. ყოველთვის ასე იქნება - გავიმეორებ, შეცდომებისგან დაცული არავინაა", - თქვა ესპანელმა სპეციალისტმა.

 

შეგახსენებთ, გასულ ოთხშაბათს კამპ ნოუზე ლალიგის მე-10 ტურის გადადებული შეხვედრა - ელ კლასიკო გაიმართა. მატჩი ფრედ, ანგარიშით 0-0 დასრულდა. აღნიშნულ შეხვედრაში VAR-ის საჭირო გახდა - გარეთ ბეილის მიერ გატანილი გოლი ვიდეორეფერის ჩარევის შემდეგ გაუქმდა. როგორც აღმოჩნდა, უელსელი ვარსკვლავი თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფებოდა.

 

გარდა ამისა, რაფაელ ვარანის წინააღმდეგ ბარსელონას მცველებმა საკუთარ საჯარიმოში ორჯერ იუხეშეს. მადრიდელი ქომაგები აღნიშნულ მომენტებში თერთმეტმეტრიანის დანიშვნას ითხოვდნენ, მაგრამ მთავარმა მსაჯმა ამ ეპიზოდებს ყურადღება არ მიაქცია.

 

ლალიგის მიმდინარე სეზონში 17 ჩატარებული ტურის შემდეგ ბარსელონა და მადრიდის რეალი თანაბარი რაოდენობის - 36 ქულით 1-2 ადგილებს იყოფენ. გოლების უკეთესი ბალანსის გამო კატალონიელები პირველ პოზიციაზე იმყოფებიან.