ტკბილი სიბერე

ევერტონის გრანდიოზული პროექტი

ოფიციალურად გადაწყვეტილია, რომ კარლო ანჩელოტი ევერტონის მთავარი მწვრთნელი გახდება. როგორც ჩანს, გუნდის ხელმძღვანელობა ცდილობს მერსისაიდულ გუნდს ძველი დიდება დაუბრუნოს, იმ დროინდელი, ინგლისის ჩემპიონატებსა (9-ჯერ) და თასების მფლობელთა თასს რომ იგებდნენ. სხვა ახსნა არ მოეძებნება იმ ფაქტს, რომ დროებით მწვრთნელ დანკან ფერგიუსონს ისევ ასისტენტად გადაიყვანენ, იმის მიუხედავად, რომ გიჟმაჟმა შოტლანდიელმა ოთხი მძიმე შეხვედრა ჩაატარა და თავი არსად შეურცხვენია: ჩელსის მოუგო, მანჩესტერს ოლდ ტრაფორდზე ფრედ ეთამაშა (1:1), მეორე ადგილზე მყოფ ლესტერს თასზე 2:2 დაუმთავრა; არსენალს კი უგოლო ფრე გაუგორა. ევერტონს დიდი სახელის მწვრთნელი დასჭირდა, რომელიც ფეხბურთელებს ამ გუნდში მოიზიდავს, პრემიერლიგაში ასპარეზობაც დამატებითი სტიმულია და ანჩელოტის ხელფასსაც თუ ჩავხედავთ, ვნახავთ რომ ლივერპულელებს დიდი მიზნები აქვთ - იქ რვანიშნა ციფრი წერია...

 

Image may contain: 1 person, text

 


ინგლისელები წერენ, რომ იტალიელის პირველი ტრანსფერი ვეტერანი ზლატან იბრაჰიმოვიჩის დამატება იქნება. შვედი ფორვარდი მართალია 38 წლისაა, თუმცა, ამ ასაკშიც, ცენკ ტოსუნზე უკეთესი ფორვარდი უნდა იყოს. მოკლედ, ზლატანს ტკბილი სიბერე ელოდება.

 


როგორც ჩანს, ევერტონის პრეზიდენტი ფარჰად მოშირი გუნდის გაძლიერებისთვის ფულის დახარჯვას არც 2020 წელს მოერიდება. დიდი გეგმები რომ აქვს, სტადიონის ახალ პროექტსაც ეტყობა, რომლის აშენებაც ირანელმა ბიზნესმენმა დაანონსა.