ნაკრები და ქვეყანა არ იყოფა

ეს ისაა, რაც არის და რასაც ყველა უნდა ხედავდეს.

დღევანდელ ახალ ამბებში არა მხოლოდ საკალათბურთო წრეებისთვის საინტერესო სიახლე გავრცელდა - ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპისთვის, რომელსაც თბილისი უმასპინძლებს, არ იქნება ახალი დარბაზი.

ცუდია.

და, არ იცვლება ის, რომ საქართველოში ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი ეტაპი ჩატარდება. ეს ვერ ამოიშლება. ამ პატივის მიღება ალბათ, მარტივი არ არის და ბევრი მტკიცებულების წარდგენა იყო საჭირო.

მართლა ვერ ვხვდები, ზოგიერთი ასე რატომ აზროვნებს - თემა დაძრეს, თემა ვერ განავითარეს და მართალია, თითქოს ეს ეტაპი თბილისის ნაცვლად სხვაგან ჩატარდება?

არ მგონია, რომ სხვაგან ჩატარდეს. აზრზე არ ვარ, რა გზით, მაგრამ ვინც ითავა ორგანიზატორობა და ეს საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობაა, ალტერნატიულ ვარიანტს მონახავენ. ეს არ არის მთავარი.

თუ კალათბურთი მართლა გიყვარს, მოუგვარებელზე არ უნდა ხითხითებდე. მოსაგვარებელში უნდა ეხმარებოდე. იმიტომ, რომ საქართველოზე, ჩვენს საყვარელ ნაკრებზეა საუბარი.

იმიტომ, რომ ამ ჩემპიონატით გაიზრდება საქართველოს ცნობადობა და უკეთ გაიცნობენ კოხტა და შელამაზებულ თბილისს, რომელიც სულ უფრო მომხიბვლელი და ლამაზი ხდება. და, მერწმუნეთ, ეს არ არის წინასაახალწლო განწყობა.

ეს ისაა, რაც არის და რასაც ყველა უნდა ხედავდეს.

მართლა არ ვფიქრობ, რომ ეს ეტაპი აქ ვერ ჩატარდება.

ჩატარდება და თბილისში ძალიან მაგარი მოთამაშეები ჩამოვლენ, რომლებიც აქ, ჩვენთან დაისვენებენ, დააგემოვნებენ ქართულ სამზარეულოს, გადახედავენ ვახტანგ გორგასლის ძეგლიდან მიძინებულ სილამაზეს და თავს დახრიან.

და, როდესაც დამშვიდობების დრო დადგება, ჩვენ მადლობას გადაგვიხდიან.

ამიტომ, ნუ ფიქრობთ, რომ ეს შეიძლება არ ჩატარდეს.

იფიქრეთ, რომ ეს განსაკუთრებული უნდა გახდეს.

ნაკრები და ქვეყანა არ იყოფა ინტერესებზე და ეს ორი მცნება საერთოა.