როგორ გააყალბეს 9?

სპეციალურად მადრიდის რეალისთვის მოფიქრებული ტაქტიკა, რომელმაც თანამედროვე ფეხბურთში გადატრიალება მოახდინა... 

ჭიქებით აწყობილი გენიალური ტაქტიკა


ეს ამბავი ცხრა წლის წინ, 2 მაისს მადრიდში, სანტიაგუ ბერნაბეუზე მოხდა, დაწყებით კი ბარსელონაში, ბარსელონას საწვრთნელ ბაზაზე, უფრო სწორად გუნდის მწვრთნელის ხოსეპ გვარდიოლას სამუშაო ოთახში დაიწყო... მერე ამ ამბავს ბრიტანულმა გარდიანმა დოკუმენტური ფილმი მიუძღვანა...



გახსოვთ რეალი - ბარსელონას ცხრა წლის წინანდელი 2:6? პეპ გვარდიოლას ბარსელონამ ხუენდე რამოსის რეალი, მისსავე სტადიონზე, უმოწყალოდ დაამარცხა. სტუმართა მწვრთნელმა იმ მატჩისას პირველად გამოიყენა „ყალბი 9 ნომრის“ პოზიცია, რაც მადრიდელებისთვის იმდენად მოულოდნელი იყო, მათი მცველები უთავო ქათმებივით დარბოდნენ...

გარდიანის გადაღებული ფილმის ერთი ეპიზოდი კი მარკამ საჯარო გახადა. ფილმშიც ისინი მონაწილეობენ, ვის ირგვლივაც ააეწო კიდეც პეპ გვარდიოლამ მაშინდელი თამაში და ყალბი 9-ის პოზიცია…
მაშ ასე: 


„ის მატჩი (2:6) განსაკუთრებულია, იმიტომ რომ ტაქტიკური სიახლე გვქონდა“ -  ამბობს ხავი.

„სწორედ მაშინ მოვიგონეთ „ყალბი ცხრიანი“, - ეს უკვე ტიერი ანრის სიტყვებია.

„კლასიკომდე რამდენიმე დღით ადრე პეპ გვარდიოლამ დამირეკა და ბაზაზე დამიბარა.  პოზიცია უნდა შეგიცვალოო. ის კაბინეტში თანაშემწე ტიტო ვილანოვასთან ერთად იყო და რეალის თამაშს არჩევდა“ - აგრძელებს ლეო მესი...

„გვარდიოლამ ჩვენი სატამაშო სქემა თავდაყირა დააყენა, - ამბობს ხავი, - ერთ ფლანგზე ანრი დააყენა ცნტრალურ და განაპირა მცველს შუა, მეორე მხარეს ეტოო იგივე პოზიციაზე. გვარდოლამ შემჩნია, რომ რეალის ცენტრალური მცველები არცერთი გუნდის 9  ნომერს პრესინგს არ ეთამაშებოდნენ და სწორედ მესი გაამწესა „ ყალბ 9 ნომრად“. ამის გამო შეტევისას ყოველთვის უპირატესობა გვქონდა. ანრი და ეტოო ფლანგებს წელავდნენ, ხოლო მესი ამ დროს ცენტრიდან შერბოდა და ცენტრალური მცველებს აბნევდა.“




„ეს ტაქტკია ახალი იყო რეალისთვის, - იგონებს მესი, - მადრიდელებს ჩვენც კარგად ვყავდით შესწავლილი, მაგრამ სიახლემ მეტოქე  დააბნია. უკან დახევისას მცველები არ მომყვებოდნენ და სრული თავისუფლება მქონდა, მაგრამ თუ გამომყვებოდნენ, მაშინ ანრის და ეტოოს უჩნდებოდათ სივრცე. ასე გავიდა კიდეც ანრის პირველი გოლი.“

„ახალმა ტაქტიკამ იდეალურად იმუშავა, - აგრძელებს ანრი, - ზუსტად ისე გამოვიდა მესის პასი პირველ გოლზე,  როგორც მწვრთნელს ჰქონდა ჩაფიქრებული. მესიმ სიღრმეში დაიხია, მცველები შეყოვნდნენ, ამ დროს გავეხსენი, ეტოომ იქით გაწელა დაცვა და შეტევა გოლით დავასრულე.“

მას შემდეგ სხვადასხვა გუნდები ყალბი ცხრიანის პოზიციას ხშირად იყენებენ, მათ შორის იგივე პეპ გვარდიოლაც სიტიში, ოღონდ გაცილებით უფრო ეფქტურად და თავდაჯერებულად...