გამზრდელი

დღეს ვახტანგ კოპალეიშვილი 65 წლის გახდებოდა. თითქმის ხუთი წელია, რაც ვახო მასწავლებელი გარდაიცვალა... ბოლოს შეუძლოდ გახლდათ, მაგრამ ზოგჯერ მძიმე მდგომარეობაში მყოფიც კი მივიდოდა ხოლმე ვარჯიშზე, საყვარელ საქმეს არ უნდოდა ჩამოშორებოდა.

კარგი ფეხბურთელიც იყო და კარგი მწვრთნელიც (მთავარ ფოტოზე: ქვედა რიგში მეორე), მეტიც, ბავშვთა და ჭაბუკების საზომით ტოპ-მწვრთნელი. თაობები გაზარდა, მისი გაწვრთნილი 18-წლამდელთა ნაკრები კი ევროპის ჩემპიონატზე გავიდა - 8 საუკეთესოს შორის. 18-წლამდელები ერქვა, თორემ 19-წლამდელთა ევროპის იდენტური იყო. და იმ რვაგუნდიან ფინალურ ეტაპზე ბომბარდირი ლაშა ჯაკობია არ ჰყავდა, თორემ ვინ იცის, სხვა შედეგისთვის მიეღწია.

 

კოპალეიშვილის გუნდმა ბოლოს ჩეხეთი გამოთიშა, რომლებსაც ჰყავდათ ტომაშ როსიცკი, მილან ბაროში, ზდენეკ გრიგერა...

 

საქართველოს იმ ნაკრებს „კოპალას ბიჭებს“ ეძახდნენ. ზურაბ ხიზანიშვილი, ოთარ ხიზანეიშვილი, ზურაბ ბათიაშვილი, ლევან კორღალიძე, დავით დიღმელაშვილი, ვალერი გაგუა, ზურაბ მენთეშაშვილი... მართლაც კარგი მწვრთნელი და კარგი პიროვნება უნდა იყო, რომ ამა თუ იმ ნაკრებს „შენი ბიჭები“, ამ შემთხვევაში „კოპალას ბიჭები“ დაარქვან.

 

არა მხოლოდ ისინი, თენგიზ სულაქველიძის აკადემიაში მაგარი ბიჭები გაზარდა, ყოველთვის კარგი გუნდი ჰყავდა. რაღა შორს წავიდეთ, მათე ღვინიანიძე, აკაკი ხუბუტია და დღევანდელი ნაკრების ლიდერები - ჯაბა კანკავა და საბა კვირკველია... კაცი თავისი ხუმრობით და ზოგჯერ ენამწარეობით, მაგრამ არ გამიგია, მისგან რაიმე განსაკუთრებულად სწყენოდათ.  

 

ვახტანგ კოპალეიშვილი ნახევარმცველი იყო. 1973-1980 წლებში თამაშობდა თბილისის დინამოში. გახდა სსრკ-ის ჩემპიონი და თასის მფლობელი. მერე ორი წელი ლანჩხუთის გურიაში ითამაშა და დინამოში დააბრუნეს, მაგრამ ცოტა ხნით.

 

მერე იყო ისევ გურია და საოცარი წლები: პატარა რაიონის გუნდი საბჭოეთის უმაღლეს ლიგაში გადავიდა და კოპალეიშვილიც გუნდის ერთ-ერთი მთავარი ძალა გახლდათ. აქვე, მისი ერთ-ერთი ულამაზესი გოლის ვიდეო: უშუალო კონკურენტ რიგის დაუგავას კარში.

 

 

 

 

კოპალეიშვილის გოლი 1:30 -დან 2:00-მდე