დანაშაული!

გვარდიოლას მადლიერი კლოპი

იურგენ კლოპი კმაყოფილი უნდა იყოს. ლივერპულმა ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვებას, უეფას სუპერთასის, ახლახან კი საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე მოგებები მიაყოლა. პრემიერლიგაშიც დამაჯერებლად ლიდერობს.

კლოპი ამბობს, რომ მათი წარმატება დიდწილად მან. სიტის აწეულმა თამასამ განაპირობა. პეპ გვარდიოლას  გუნდმა ბოლო ორ წელიწადში ორჯერ მოიგო პრემიერლიგის ტიტული, ერთხელ 100 ქულა მოაგროვა, მეორედ - 98. ეს კოსმიური შედეგია. ლივერპულმაც მიიღო გამოწვევა და თავადაც განვითარდა. 

 

ლესტერის მეორე ადგილზე ყოფნაც ნიშანდობლივია. ახლა მელიებს ამ ეტაპზე უკეთესი ქულები და ბურთების ბალანსი აქვთ, ვიდრე 2015-16 წლების საჩემპიონო სეზონში.

„იმ მოკლე დროში, რაც ინგლისში ვარ, პრემიერლიგა შეიცვალა. თუ ტიტულის მოგება გინდა, წაგება აღარ შეიძლება. მიზეზი ის სტანდარტია, რომელიც მან. სიტიმ დაამკვიდრა ბოლო სამ წელიწადში. ისინი მეთოდურად მიიწევდნენ წინ და თამასას სულ უფრო მაღლა სწევდნენ. სიმართლე გითხრათ, ამან ჩვენც კარგი სამსახური გაგვიწია. ვცდილობდით მათთვის კონკურენცია გაგვეწია და  ვვითარდებოდით. ძნელია, ყოველ მესამე დღეს მოსაგებად მზად იყო, მაგრამ პრემიერლიგის რითმი ამას გაიძულებს,“- ამბობს გერმანელი მწვრთნელი.

კლოპს უოტფორდის მაგალითიც მოჰყავს, რომელიც უიმედო აუტსაიდერიდან, მწვრთნელის შეცვლის შემდეგ, მრისხანე ძალად გადაიქცა. ორიოდ კვირის წინ, ენფილდზე, ლივერპულმა თავად გამოსცადა ეს. ლიდერი აუტსაიდერს ეთამაშებოდა, მაგრამ რომელი იყო ლიდერი და რომელი აუტსაიდერი, ვერ გაარკვევდით. 

უოტფორდმა გაცილებით უკეთ ითამაშა, უამრავი საგოლე მომენტი შექმნა, მაგრამ უზუსტობამ დაღუპა. შედეგად, ლივერპულმა ორი ბურთი გაუტანა და უმნიშვნელოვანესი ქულები მოიპოვა.  

 

თუმცა, უკვე შემდეგ ტურში, უოტფორდმა მანჩესტერს მოუგო (2:0) და დაამტკიცა რომ სულ სხვა გუნდია.

„საუკეთესო ოთხეულის  ამბავიც ასეა,  თითქოს უკვე დამკვიდრებული მოსაზრება იყო, რომ ოთხეულში ერთი და იგივე გუნდები უნდა ყოფილიყვნენ, მაგრამ ნახეთ რა ხდება?! ახლა უკვე შვიდი-რვა კლუბია, რომლებიც ევროზონისთვის იბრძვის,“- აგრძელებს კლოპი. 

ეგ არის, გერმანელი სპეციალისტი პრემიერლიგის საშობაო კალენდარს ვერ ეგუება. თუმცა, ამბობს, რომ გერმანიაში ამ დროს შესვენება ცხადდება და გუნდები ფორმიდან ვარდებიან. პრემიერლიგაში კი ამოსუნთქვის საშუალება არ არის.

კლოპმა, უკმაყოფილება გამოთქვა პრემიერლიგის საშობაო კალენდრის გამო. „26-ში და 29-ში ორი მატჩის ჩატარება დანაშაულია. ძალიან ცუდია, მაგრამ ეს რეალობაა.  ვლაპარაკობთ, ვლაპარაკობთ და ეს არავის ანაღვლებს. ყოველ წელს ერთსა და იმავე პრობლემას ვაწყდებით. აქ სპორტული მეცნიერება ვერაფერს გიშველის. ორგანიზმს გარკვეული დრო სჭირდება, რათა ისევ სრულფასოვნად შეძლოს მუშაობა,“ - დასძენს ის.

ლივერპული  დღეს, 26 დეკემბერს, ლესტერს სტუმრობს, 29-ში კი ვულვერჰემპტონს უმასპინძლებს.