როცა ჯეკ მღადრავი ჯერ კიდევ ბავშვი იყო

გაინტერესებთ, როგორი იყო პირველი ოფსაიდი? 

მე ერთხელ ვარ ნამყოფი, ბევრი თქვენგანი კი შესაძლოა, არაერთხელ — მადამ ტიუსოს მიზეუმზე ვამბობ, ლონდონში რომ არის. აი, სადაც ცნობილი ადამიანების ცვილის ფიგურებია გამოფენილი ნატურალურ ზომაში. საუკუნენახევრის განმავლობაში იმდენი ექსპონატი დაუგროვდათ, რომ ყველას ნახვას მთელი ცხოვრება უნდა. ამდენ თოჯინას ნეტავ სად ინახავენო, იფიქრებ კაცი. ჰოდა, ამ მუზეუმში არის ერთი დარბაზი, სადაც ვიქტორიანული ეპოქა აქვთ გაცოცხლებული. მიდიხარ მე-19 საუკუნის მრუმე ლონდონში, მიუყვები ტავერნების რიგს და უცბად, ჯეკ მფარტავის თუ მღადრავის გასისხლიანებულ მსხვერპლს წამოადგები თავზე. სიბნელეს მაშინდელი ლამპების უღონო შუქი ვერ ერევა. წარმოსახვითი ნისლი ლამისაა ფიზიკურად შემოგეხვიოს. მოკლედ, რაღაცნაირი უსიამოვნო გარემოა, უჟმური; ყოველ შემთხვევაში თანამედროვე ადამიანისთვის.

 

და სწორედ იქ, დედოფალი ვიქტორიას დროინდელ ლონდონში, 1863 წლის ერთ, სავარაუდოდ ნისლიან და წვიმიან დღეს, როდესაც ჯეკ მფატრავი ალბათ ჯერ კიდევ ბავშვი იყო, ტავერნაში, რომელსაც Freemasons' Tavern ერქვა (და რომელიც თუ არ ვცდები დღესაც არსებობს) მოიგონეს ფეხბურთის წესები. რასაკვირველია, ის წესები დღევანდელისგან ძალიან განსხვავდებოდა, მაგრამ ეს უკვე ფეხბურთი იყო.

 

სიცხადისთვის: კემბრიჯის უნივერსიტეტის სტუდენტებმა თითქოსდა უკვე მომწიფებული თამაშის ჩარჩოებში მოქცევა პირველად 1840-იანი წლების მიწურულს სცადეს, მაგრამ მოთამაშეებს ბურთის ხელში დაჭერის უფლება დაუტოვეს და… ფეხბურთი აღარ გამოუვიდათ. აზრის კარგად დალაგებას კიდევ თხუთმეტიოდე წელი დასჭირდა.

 

1863 წელს კი Freemasons' Tavern-ში შეკრებილმა თორმეტი კლუბის წარმომადგენელმა უკვე სულ სხვა წესები ჩამოწერა. იქვე დააარსეს ინგლისის ფეხბურთის ასოციაციაც.

 

 

გაინტერესებთ, როგორი იყო პირველი ოფსაიდი? შემტევი გუნდის ყველა(!) ფეხბურთელი, რომელიც ბურთზე წინ აღმოჩნდებოდა, თამაშგარე მდგომარეობაში ითვლებოდა. გამოდის, რომ წინ წასვლის ერთადერთ ხერხად დრიბლინგიღა რჩებოდა.

 

ეს წესი რამდენიმე წელიწადში შეიცვალა. ახალი ინტერპრეტაციით, შემტევ ფეხბურთელს თამაშს გარეთ იმ შემთხვევაში მიიჩნევდნენ თუ ის დამცველი გუნდის ბოლო სამი კაცის წინ აღმოჩნდებოდა. ასე, უკვე, პასების გადაწოდებასაც გაუჩნდა აზრი.

 

ოფსაიდის ამ ვარიანტმა ნახევარ საუკუნეს გაუძლო. 1920 წელს გააუქმეს აუტიდან ოფსაიდი, 1925-ში კი „სამკაციანობა“ „ორკაციანობით“ შეცვალეს.

 

როგორც ზემოთ ვთქვით, ფეხბურთის წესები 1863 წელს მოიგონეს, მაგრამ ქვეყნად ჯიუტებს რა გამოლევს: შეფილდის კლუბები მაინც თავის ჭკუაზე თამაშობდნენ, სხვისი მოსაზრებების გაგონება არ უნდოდათ. ეს გაუგებრობა 1870-იანი წლების ბოლომდე გაგრძელდა. საქმეს ფეხბურთის საერთაშორისო ასოციაციის საბჭოს (IFAB) ჩამოყალიბებამ უშველა, რომელიც დიდი ბრიტანეთის ოთხი ასოციაციის (ინგლისის, შოტლანდიის, უელსის და ირლანდიის) ორ-ორი წარმომადგენლისგან დააკომპლექტეს. ამ საბჭოს პირველი სხდომა 1886 წლის 2 ივნისს გაიმართა და ფეხბურთის წესები შეფილდელებისა და სხვა მსგავსი დივერსანტებისგან დაიცვა. მეოცე საუკუნის დასაწყისიდან საბჭოში ახალდაარსებული ფიფაც შევიდა.  ახალი წესის დამტკიცებას ამ პატივცემული ორგანიზაციის წევრთა ხმების სამი მეოთხედი სჭირდება.

 

1869 წელს შემოიღეს კარიდან დარტყმა.

 

1878 წელს მსაჯმა პირველად გამოიყენა სასტვენი.

 

1891 წელს დაარტყეს პირველი პენალტი.

 

მაშინვე, ირლანდიელებმა მოიფიქრეს, მოდი, მსაჯმა თამაშს გვერდიდან კი არ უყუროს, მოედანზე შევიდეს და ფეხბურთელებთან ერთად ირბინოსო.

 

1891 წელსვე დადგინდა, რომ კარს ბადე სჭირდება.

 

1912 წელს შემოიღეს წესი, რომლის თანახმადაც მეკარეებს საჯარიმო მოედნის გარეთ ხელით თამაში აეკრძალათ და ამან ფეხბურთში გოლების რაოდენობა გაზარდა. 

 

 

ფეხბურთის წესების განვითარებამ ნელ-ნელა მოედნის თანამედროვე ფორმებიც მოიტანა. თამაშის დაწყებას მოედნის ცენტრი დასჭირდა, ხოლო იქ ზედახორა რომ არ ამტყდარიყო, მოთამაშეები ამ წერტილს 10 იარდით მოაშორეს. ასე მივიღეთ ცენტრალური წრე. საინტერესოა, რომ 1891 წელს პენალტი კი შემოიღეს, მაგრამ 1902 წლამდე მას მონიშნული წერტილიდან კი არ არტყამდნენ, არამედ ბურთს კარის ხაზიდან 12 იარდის (11 მეტრის) მოშორებით ნებისმიერ ადგილას სდებდნენ. 

 

1902 წელს პენალტმა საბოლოო სახე მიიღო, მაგრამ ამან უკვე საჯარიმო მოედანი მოითხოვა, რადგან გადაწყდა, რომ „სასიკვდილო დარტყმა“ იმ შემთხვევაში დაინიშნებოდა თუ წესი კარის ხაზიდან პირდაპირ 18 იარდისა და სიგანეში 44 იარდიანი მოედნის ფარგლებში დაირღვეოდა. 

 

ბუნებრივია, ჩვენს წერილში ფეხბურთის ყველა წესის ამბავს ვერ მოვყვებით — ახალ წელი წამოგვადგება თავს. მაგრამ, რაც მოვყევით, მგონი უინტერესო არ არის.

 

რა მოხდება მომავალში? რა გითხრათ. ჯერჯერობით, ალბათ ისევ ოფსაიდის დეტალებს დაუწყებენ წვალებას, ზოგადად კი… ფეხბურთის განვითარებაზე გავლენას მხოლოდ წესების ცვლილება კი არა, ბევრი სხვა რამ, ყველაზე მეტად კი ეკონომიკური და ბიზნეს-გარემოც ახდენს ასე რომ ვინ იცის საით წავა ჩვენი თამაში. მთავარია, ვიქტორიანული ეპოქაში შთაბერილი სულიდან რამე მაინც დატოვონ.