ტორპედოს ამბები: აშვეთიაც იანვრის მოლოდინში...

ქუთაისის ტორპედო არსებობა-არარსებობის მიჯნაზეა. კლუბს ვალები აქვს და რეგიონულ ლიგაში დაქვეითება ემუქრება. მიუხედავად იმისა, რომ კლუბმა ლიცენზირება გაიარა, არ ნიშნავს, რომ ეროვნულ ლიგაში მწვანე აქვს ანთებული.

კახა ჩხეტიანი, როგორც იცით, თბილისის დინამოს მწვრთნელი გახდა. სადღეისოდ კი გუნდის თავკაცი ჩხეტიანის თანაშემწე და ახლო წარსულში ცნობილი თავდამსხმელი, ეროვნული ნაკრების წევრი მიხეილ აშვეთიაა. ამბების გასაგებად სწორედ აშვეთიას დავუკავშირდით.

 

აშვეთია: ამჟამად იტალიელებთან მიდის მოლაპარაკება. ბოლო ინფორმაციით, 2-დან 6 იანვრამდე ჩამოვლენ და ყველაფერი დადებითად გადაწყდება. იმედია, ასე მოხდება.

 

ქუთაისში შედგება მოლაპარაკება თუ უკვე მიმდინარეობს საუბარი?

 

უკვე მიმდინარეობს. აქ თუ ჩამოვლენ, მხოლოდ თანამშრომლობის გადაფორმებლად.    

 

იტალიელებზე უფრო კონკრეტულად რომ გვითხრათ: მათზე ჯერ ყველაფერი უცნობია, მხოლოდ ეროვნება ვიცით... 

 

ვერ გეტყვით.   

 

როგორც ვიცით, კლუბი ამჟამად ქუთაისის მერიის ხელშია.

 

დიახ. რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად მერიის გახდა. მერიაა პასუხისმგებელი.  

 

ქრონოლოგიურად რომ გავყვეთ, რატომ ჩავარდა ტორპედო ასეთ დღეში და რატომ დაგროვდა ვალები?

 

როდესაც ტორპედოს პრეზიდენტი ზაალ ჩაჩავა გახდა, ჩინელი ინვესტორები მოიყვანა. ყველაფერი მშვენივრად მიმდინარეობდა, მაგრამ მერე ჩინელებმა კონტრაქტი გაწყვიტეს და წავიდნენ. ჩაჩავამ კი თქვა, კლუბს მარტო ვერ შევინახავო. დრო გადიოდა, თვიდან თვემდე ვალები დაგროვდა.

 

რამდენს შეადგენს ვალი?

 

დაახლოებით 3 მილიონ ლარამდე. მართალია, ლიცენზია მოგვცეს, მაგრამ ჩვენი ფინანსური მდგომარეობა გაკონტროლდება და საშიშროება იქნება, რომ კლუბი დააქვეითონ. პრინციპში, დიდი ხანია, ამის საშიშროება არსებობს.

 

ამასობაში აქცია გაიმართა მერიის წინ. გულშემატკივრები და ტორპედოს ასაკობრივი გუნდების ფეხბურთელთა მშობლები შველას ითხოვენ...

 

გასაგებია ყველას გულისწყრომა. მოლოდინის რეჟიმში ვართ. მერია თავად ვერ დაფარავს ამ ვალებს და აწარმოებს მოლაპარაკებებს იტალიელებთან.