კანკავა 2019

ის სიჩუმის და თავმდაბლობის კაცია. საქართველოს წლის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზიც რომ მოიგო, მიკროფონთან მისვლა და სამიოდე წინადადების თქმა გაუჭირდა.

ჯაბა კანკავა 33 წლისაა და მთლიანობაში 33 ინტერვიუც არ ექნება მიცემული. ის სალაპარაკოს მინდორზე აკეთებს - ალალად, ბოლომდე, კაპიტნურად. ჩვენთან ხშირად გაიგონებთ, კაპიტანი უნდა ყვიროდეს და ლაპარაკობდესო, მაგრამ სწორედ ასეთი კაპიტანია უფრო დასაფასებელი: საქციელით სამაგალითო.

 

სხვათა შორის, გიორგი ჩაკვეტაძემაც თქვა, ნაკრებში ყველა გვერდში დამიდგა და ყველას მადლობელი ვარო, მაგრამ როცა ჰკითხეს მაგალითზე, სწორედ კანკავა დაასახელა - მისგან ყველაზე მეტს ისწავლიო.

 

კანკავამ წლეულს ერთი სანაკრებო გოლი გაიტანა და ეს იყო მისთვის მეათე. ერთადერთი ჩამშლელი ტიპის ფეხბურთელია, რომელიც საქართველოს ნაკრებში ათგოლიან ნიშნულს გადასცდა.

 

საწყენია, რომ ასეთი შესაძლებლობების ფეხბურთელმა ევროპის ტოპ-ლიგაში საერთოდ ვერ ითამაშა.