17 - საქართველოს ჩემპიონატის ასგოლიანი ფეხბურთელები

ბევრს დააინტერესებს ეს სტატისტიკა: ფეხბურთელები, რომლებმაც საქართველოს ჩემპიონატში 100, ან მეტი გოლი გაიტანეს. 

მოკლედ, ასიანები. რა თქმა უნდა, საუბარია მხოლოდ უმაღლეს ლიგაში გატანილებზე...

 

(გამოვიყენეთ რეზო შენეგლიას ქართული ფეხბურთის ყოველწლიური წიგნი და სტატისტიკური საიტები).

 

საქართველოს ჩემპიონატი 1990 წლის 30 მარტს დაიწყო და ამ სიაში რამდენიმე ისეთი ფეხბურთელია, რომლებიც პირველივე სეზონში მონაწილეობდნენ. ორმა მათგანმა (დავით მახარაძე, მამუკა ჯუღელი) სულაც გახსნის მატჩში ითამაშა ფოთის კოლხეთის მაისურით - როცა თბილისის დინამოს 1:0 მოუგეს.  

 

ყველა დროის საუკეთესო მეგოლე ზურაბ იონანიძე. „იონა“ 216 გოლით ლიდერობს და იმდენად უსწრებს სხვებს, რომ ახლო მომავალში მისი გადასწრების შანსი არავის აქვს.

 

სამგურალი, ტორპედო, სამტრედია, ზესტაფონი - იონანიძე მხოლოდ იმერულ კლუბებში თამაშობდა. მხოლოდ ერთი წლით იყო წასული რუსეთის ჩემპიონატში, ჩამოვიდა და ისევ გააგრძელა ხელობა.

 

მოკლედ, იონანიძე 200-იანია და მის გარდა კიდევ 16 ფეხბურთელია, რომლებიც 100-იანები გახდნენ. ბოლოს ეს მოახერხა დიმიტრი ტატანაშვილმა: 36 წლის ფორვარდმა, რომელიც გასულ სეზონში სიონში თამაშობდა.

 

ტატანაშვილი და ჯაბა დვალი - ამ სიაში მხოლოდ ორი მოქმედი ფეხბურთელია. დვალი ბოლოს მეოთხელიგელ ჭიათურაში გახლდათ. წლები, წლები... ჯაბა მესამე ადგილზეა 127 გოლით.    

 

სიაში მამა-შვილიცაა. მერაბ და გია მეგრელაძეებიც მაგარი მეგოლეები იყვნენ. აწ გარდაცვლილი მერაბ მეგრელაძე სულაც 37 წლის ასაკში გახდა ჩემპიონატის ბომბარდირი, თან სეზონში 41 გოლი გაიტანა...  

 

ლეგიონერებს შორის საუკეთესოა ესპანელი ჩისკო - 62 გოლი.     

 

მოქმედი მოთამაშეებიდან ასიანებში შესვლის ყველაზე კარგი შანსი ირაკლი სიხარულიძეს აქვს - 81 გოლი აქვს გატანილი.  ისე, 100 გოლამდე ცოტა დააკლდათ ალექსანდრე იაშვილს, რევაზ გოცირიძეს, ნიკა გელაშვილს... 

 

ზურაბ იონანიძე - 216   

 

ლევან ხომერიკი  - 140 

 

ჯაბა დვალი - 127

 

გია მეგრელაძე - 126

 

დავით ჯანაშია - 124

 

მიხეილ აშვეთია - 121

 

დიმიტრი ტატანაშვილი - 115

 

ზვიად ენდელაძე - 112

 

პაატა მაჭუტაძე - 106

 

ოთარ კორღალიძე - 105

 

გიორგი დარასელია - 105

 

მერაბ მეგრელაძე - 104

 

მამუკა ჯუღელი - 102

 

დავით გოდერძიშვილი - 102

 

სულიკო დავითაშვილი - 101

 

დავით მახარაძე - 101

 

მამუკა ხუნდაძე - 100