ლაშას წელიწადი

ტალახაძე დღეს დგას იქ, სადაც არიან ლებრონი, მესი, ფედერერი, ჰემილტონი. 

ხშირად მესმის, რომ წლის ბოლოს საუკეთესო ქართველი სპორტსმენის გამოვლენამ აზრი დაკარგა.

არ მეზარება და ვეკითხები მთქმელს, მაპატიეთ, და, რატომ?

რაზეც ყოველთვის ერთსა და იმავე პასუხს ვიღებ - იმიტომ, რომ მაინც ის მოიგებს.

„ის“ მართლაც იგებს. ის მართლაც საოცარია და ის ზედიზედ მეოთხედ გახდა საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი.

როდესაც ხელოვნური განცვიფრება ილექება და საღი აზრი ყველაზე საღად საუბრობს, იმ სკეპტიკოსებს და ახლის მსურველებსაც ლოგიკა კარნახობთ - საუკეთესოდ ყოველთვის საუკეთესო უნდა დაასახელო!

დიახ, საუკეთესო და არა - საუკეთესო კონკრეტულ სახეობაში.

საქართველოში ბევრი მაგარი, ბევრი საამაყო სპორტსმენი გვყავს და იგებს ის, ერთი.

ლაშა ტალახაძე.

სპორტსმენი, რომელსაც ჯერ არაფერი არ წაუგია.

სპორტსმენი, რომელიც ყველაფერს დიდი უპირატესობით და გემოვნებით იგებს.

სპორტსმენი, რომელმაც ძალოსნობაში ახალი ძალოსნობა შეიტანა და ამ სახეობას (მის წონაში) ორ დისციპლინაში ატარებენ - ლაშას წონა და დანარჩენების. ასე უფრო სწორია.

წელს ბევრმა ჩვენმა ბიჭმა (გოგომაც) დაგლიჯა და ლაშა სხვაგან იყო. რეკორდების მტვრევა. ახალი რეკორდების გაცნობა.

ტალახაძე დღეს დგას იქ, სადაც არიან ლებრონი, მესი, ფედერერი, ჰემილტონი. ტალახაძე უკვე ლეგენდაა.

2019 ისევ ლაშას წელიწადი იყო.