გურამ სამუშია: თვითდაჯერებულობამ უმაღლეს ლიგაში დაგვაბრუნა

გურამ სამუშია: მიზანი თავიდანვე უმაღლეს ლიგაში დაბრუნება იყო, დარწმუნებულები ვიყავით, რომ ამოცანას თავს კარგად გავართმევდით

სამტრედიამ ეროვნული ლიგა 2 შესანიშნავად ჩაატარა და უმაღლეს ლიგაშიც დამსახურებულად დაბრუნდა. ამ წარმატების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი გურამ სამუშია გახლავთ, რომელიც იმერელთათვის დიდი ძალაა. 25 წლის ფეხბურთელმა აწ უკვე დასრულებულ სეზონში 16 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა მიითვალა. იგი ასევე შესანიშნავი იყო სიონთან პლეი ოფის განმეორებით შეხვედრაში, სადაც გუნდს გოლით და 2 ასისტით დაეხმარა. სწორედ ამიტომ არ უნდა გვიკვირდეს, რომ რამდენიმე დღის წინ, სფფ-ს მიერ გამართულ ყოველწლიურ დაჯილდოებაზე იგი ეროვნული ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. 

 

ამ და სხვა თემებზე სასაუბროდ სამუშიას დავუკავშირდით და მცირე ინტერვიუ ჩამოვართვით.

 

- პირველ რიგში გილოცავთ როგორც გუნდურ, ასევე ინდივიდუალურ წარმატებებს. განვლილ სეზონს როგორ შეაფასებთ? 

 

- მადლობა მოლოცვისთვის. ძალიან რთული სეზონი გამოვიდა და მიხარია, რომ მიზანს მივაღწიეთ და უმაღლეს ლიგაში დავბრუნდით. ამისთვის მთელ გუნდს მადლობას ვუხდი, დაწყებული ფეხბურთელებით, დამთავრებული მასაჟისტებით. ასევე მინდა გამოვარჩიო ჩვენი გულშემატკივრები, რომლებიც მუდამ გვერდში გვიდგანან.

 

- შენი აზრით, რა იყო წარმატების მთავარი მიზეზი?

 

- ყველანი თავდაჯერებულები ვიყავით და ვფიქრობ ამანაც განაპირობა, რომ ამოცანას თავი კარგად გავართვით. მიზანი თავიდანვე უმაღლეს ლიგაში დაბრუნება იყო, დარწმუნებულები ვიყავით, რომ ამოცანას თავს კარგად გავართმევდით. ისიც უნდა ითქვას, რომ თითქმის ყველა ფეხბურთელს გვაქვს უმაღლეს ლიგაში თამაშის გამოცდილება, რაც ძალიან წაგვადგა. 

 

- სიონთან გამართული შეხვედრები რომ გაიხსენო. გადამწყვეტი მატჩები იყო და ალბათ გარკვეული წნეხი იქნებოდა.

 

- ორივე შეხვედრა ძალიან რთული იყო, თუმცა მთავარია მიზანს მივაღწიეთ. დიახ, მთავარი თამაშები იყო და დაძაბულობა იგრძნობოდა. მთელი სეზონი უძლიერესთა შორის დასაბრუნებლად ვიბრძოდით და ვერ დავუშვებდით, რომ ამხელა შრომა წყალში ჩაგვეყარა. ძალიან მოტივირებულები ვიყავით და ვფიქრობ ეს დაგვეხმარა.

 

- სტატისტიკას რომ გადავხედოთ, საუკეთესო სეზონი სწორედ 2019 წელს გქონდა - 16 გოლი და 7 საგოლე გადაცემა. როგორ ფიქრობ, რამ გამოიწვია ეს?

 

- ჩემი ეს მაჩვენებლები მთელი გუნდის დამსახურებაა. სამტრედიაში ადრეც მითამაშია და გუნდში მუდამ ნდობას და პატივისცემას ვგრძნობ. რა თქმა უნდა მწვრთნელის ფაქტორიც აღსანიშნავია. კახა კაჭარავა საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტია. მასთან ადრეც მიმუშავია, ჯერ 19 წლამდე ნაკრებში, ხოლო შემდეგ ზესტაფონში და ჩემი შესაძლებლობები კარგად იცის. ამ ყველაფერმა ერთად ძალიან იმქომედა და მართლაც მშვენიერი სეზონი გამომივიდა.

 

- რა იქნება გუნდის მიზანი ახალ სეზონში?

 

- სამტრედიას ყოველთვის უმაღლესი მიზნები აქვს და არც შემდეგი სეზონი იქნება გამონაკლისი. სიმართლე ვთქვათ, ახლად გადმოსული გუნდისთვის უმაღლეს ლიგაში წარმატების მიღწევა რთული იქნება, თუმცა გამორიცხული არაფერია. ბათუმის დინამოს მაგალითი ავიღოთ. უმაღლეს ლიგაში დაბრუნებიდან პირველივე სეზონში ჩემპიონობის რეალური შანსი ჰქონდა და ოქროს მედლებამდე რამდენიმე ქულა დააკლდა.

 

- როგორც ვიცი სამტრედიასთან კონტრაქტი გეწურება და უცხოური გუნდი გიწვევს...

 

- მართალია, ახალი წლის შემდეგ თავისუფალი აგენტი ვიქნები და ზუსტად არ ვიცი რა იქნება. რაღაც ვარიანტები არის, თუმცა კონკრეტული არაფერია.