საქართველო მზად არის

ტურნირის შესახებ ვესაუბრებით საჩოგბურთო ექსპერტს და ნიკა ბასილაშვილის გუნდის წევრს არჩილ კეკელიას.

ATP CUP არჩილ კეკელიასთან ერთად

საქართელო ავსტრალიაში ემზადება.

ATP CUP საჩოგბურთო ამბებში ახალი და ალბათ, მაგარი საინტერესო ტურნირია. დევისის თასის ფორმატის მსგავსი. ტურნირი, რომელიც იწყება ჯგუფური სისტემით და შემდეგ, გადადის ოლიმპიურზე - ¼ ფინალები (ყველა ჯგუფის გამარჯვებული და ორი საუკეთესო მეორე ადგილი), ½ ფინალები და ფინალი. ტურნირი 3-12 იანვარს ჩატარდება.

საქართველო ამ ტურნირზე ნიკა ბასილაშვილმა გაიყვანა. რომელიც ფორმატის შემუშავების დროს პირველ ოცეულში იჯდა.

საქართველოს ნაკრები რთულ ჯგუფშია. ესპანეთთან (რაფაელ ნადალი, რობერტო ბაუტისტა აგუტი, ალბერტ რამოს-ვინოლასი, ფელიციანო ლოპესი, პაბლო კარენო ბუსტა), იაპონიასთან (არ თამაშობს კეი ნიშიკორი, მაგრამ იაპონია მაინც სახიფათოა) და ურუგვაისთან (სადაც ბასილაშვილის სტატუსით პაბლო კუევასი გამოდის).

ტურნირის შესახებ ვესაუბრებით საჩოგბურთო ექსპერტს და ნიკა ბასილაშვილის გუნდის წევრს არჩილ კეკელიას.

„ძალიან საინტერესო ტურნირია. რა თქმა უნდა, მოვხვდით რთულ, მაგრამ ამავე დროს, საინტერესო ჯგუფში. არა მხოლოდ ჩვენი ჯგუფის, მთელი ტურნირის ფავორიტია ესპანეთი. როგორც სპეციალისტები ამბობენ, რაფაელ ნადალი დიდი ხანია არ ყოფილა სეზონის სტარტზე ასეთ კარგ ფორმაში. მან ბაუტისტა აგუტს რამდენიმე სეტი 6:0 და 6:1 მოუგო. ნადალი იქ ლიდერია. საქართველოს ნაკრების ბედი დარჩენილ ორ მატჩზეა დამოკიდებული. როგორც ვიცი, ჯერ არ გადაწყვეტილა, ვინ იქნება ჩვენი მეორე ნომერი ერთეულებში. ნიკა ბასილაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის იდეალური. მარჯვენა მხარზე გადატანილი ოპერაციის შემდეგ, ნიკა უკვე კარგად იტვირთება, მაგრამ მომატებაც შესაძლებელია.

სხვა გუნდები? სერბეთი, ტრადიციულად ძლიერი იქნება - ნოვაკი თამაშობს და ეს უკვე ბევრს ნმიშნავს. კარგია ამერიკა იზნერთან, ფრიცთან და ოპელკასთან ერთად. სახიფათოა ავსტრალია, რომელიც საკუთარ კორტებზე ითამაშებს. რუსეთიც, რომელსაც არ ჰყავს რუბლიოვი, მაგრამ არიან ხაჩანოვი და მედვედევი. ძალიან თანაბარ და საინტერესო ტურნირს ველოდები“, - აღნიშნა არჩილ კეკელიამ.

 

საქართველოს ნაკრები

ნიკა ბასილაშვილი: ერთეულებში - 26, ასაკი - 27, კარიერაში საუკეთესო ადგილი - 16.

ალექსანდრე მეტრეველი: ერთეულებში - 681, ასაკი - 26, კარიერაში საუკეთესო ადგილი - 264.

გიორგი ცივაძე: ერთეულებში - 872, ასაკი - 26, კარიერაში საუკეთესო ადგილი - 733.

ალექსანდრე ბაქში: ერთეულებში - 1040, ასაკი - 22, კარიერაში საუკეთესო ადგილი - 1030.

ზურაბ ტყემალაძე: ერთეულებში - 1164, ასაკი - 19, კარიერაში საუკეთესო ადგილი - 1159.

კაპიტანი:  დავით კვერნაძე.

 

A ჯგუფი (ბრიზბეინი): სერბეთი, საფრანგეთი, სამხრეთ აფრიკა, ჩილე.

B ჯგუფი (პერთი):  ესპანეთი, იაპონია, ურუგვაი, საქართველო.

C ჯგუფი (სიდნეი): ბელგია, დიდი ბრიტანეთი, მოლდოვა, ბულგარეთი.

D ჯგუფი (პერთი): რუსეთი, იტალია, აშშ, ნორვეგია.

E ჯგუფი (სიდნეი): ავსტრია, ხორვატია, არგენტინა, პოლონეთი.

F ჯგუფი (ბრიზბეინი): გერმანია, საბერძნეთი, კანადა, ავსტრალია.

 

საქართველოს განრიგი: 4.01 - ესპანეთთან, 6.01 - იაპონიასთან, 8.01 - ურუგვაისთან.