შენ მართლა რამხელა ყოფილხარ...

სალაჰმა ბიჭებს მაისურები უსახსოვრა წარწერით: ,,თქვენი მხარდაჭერა გვამხნევებს ჩვენ"

მოჰამედ სალაჰმა ,,ნაპოლის" რომ გაუტანა მთელი ,,ენფილდი" სიხარულისგან ლამის შეიშალა, მაგრამ ტრიბუნაზე იყო ერთი, უფრო სწორად ორი ადამიანი, რომელთა ხილვისას მოგვიანებით სალაჰი თავად გადაირია, თან ისე, რომ გუნდის ვარჯიშზე მიიწვია:

 

,,თამაშიდან რამდენიმე დღეში კლუბიდან დამირეკეს და მითხრეს, მო სალაჰი ბაზაზე მეპატიჟებოდა. მას ვიდეო აჩვენეს და მანაც გადაწყვიტა ჩვენი გაცნობა. ბიჭები ისე იქცეოდნენ, თითქოს დიდი ხნის მეგობრები ვართ", ამბობს მაიკლ კერნი, რომლის ვიდეომაც ინტერნეტი დაიპყრო. თითქმის უსინათლო მაიკლი ამბობს: ,,ყველაფერი ბუნდოვანი იყო. ტრიბუნასთან ახლოს თუ ხდება ეპიზოდი, რაღაცას ვარჩევ ხოლმე, მაგრამ რაც შორსაა ბურთი, მით რთულია დანახვა. ,,ნაპოლისთან" ხმაურის მიხედვით ადვილი მისახვედრი იყო რაც მოხდა".

 

,,თამაშისას ყველაფერს ვუყვები: ყოველ კუთხურს, ყოველ აუტს, ყოველ გოლს. გატანილ გოლს მაიკლი იმ წამსვე ხვდება, ერთმანეთს ვეხვევით, მერე ვუყვები გოლის პერიპეტიებს", ამბობს კერნის ბიძაშვილი სტეფან გარსია. 

 

ყველაზე თავშესაქცევი მომენტი კი მაიკლისა და ვან დეიკის შეხვედრა ყოფილა: ,,შენ მართლა რამხელა ყოფილხარ", - ემოცია ვერ დაუმალავს ქომაგს.
სალაჰმა ბიჭებს მაისურები უსახსოვრა წარწერით: ,,თქვენი მხარდაჭერა გვამხნევებს ჩვენ".