ლუკა დონჩიჩი ტკივილს კალათბურთით კლავს

ლუკა 20 წლის ლაწირაკია, რომელიც გამოცდილ მილიონერებს სახეს ახევს.

დალასი ფლეი ოფში შევა. უნდა შევიდეს. დასავლეთის კონფერენციას აკლია სტაბილურობა და დალასმა ეს ფაქტორიც უნდა გამოიყენოს.

უბრალოდ, გუნდებმა არ უნდა დალეწონ ბავშვი.

გაუფრთხილდით ლუკა დონჩიჩს.

შარლოტთან 120:123 წაგებული ტესტის დაწყებამდე დალასის მთავარი მწვრთნელი რიკ კარლაილი ლუკას ფაქტორზე საუბრობდა: „გუნდები, ყველა, ვისაც ჩვენ ვეთამაშებით, მას დაუნდობლად ექცევიან. ლუკა ამ ზეწოლას უძლებს და ყველას თამაშით, ღიმილით პასუხობს, მაგრამ ლუკა მათი (ჩვენი მოწინააღმდეგეების) თავისუფლების მსხვერპლი ხდება. ნელ-ნელა, მაგრამ ხდება. მსაჯები ატარებენ ამ თავისუფლებას. ზუსტად იგივე იყო დირკ ნოვიცკის კარიერაშიც. დირკმა ყველაფერს გაუძლო. ზოგადად, მე თავისუფლების მომხრე ვარ, მაგრამ - არა ამ შემთხვევაში.“

ლუკა კლავს. კალათბურთით.

ლუკა 20 წლის ლაწირაკია, რომელიც გამოცდილ მილიონერებს სახეს ახევს.

ლუკა საშუალოდ 29.4 ქულას, 9.7 მოხსნას, 8.9 შედეგიან გადაცემას აგროვებს. არარეალური სტატისტიკა. ისტორიულად მკვლელი სტატისტიკა. და, 91. შესრულებული საჯარიმოთი დონჩიჩი მეოთხე ადგილზეა. კარლაილის აზრით, ლუკა მაინც მეტ საჯარიმოს უნდა ასრულებდეს.

ლუკა დონჩიჩი: „დიახ, მწვრთნელ კარლაილს ვეთანბხმები. მეტ საჯარიმოს უნდა ვასრულებდე, მაგრამ მე არ მიყვარს ტირილი და არასათამაშო ფაქტორებზე საუბარი. კალათბურთი ფიზიკური სპორტია. ხანდახან - მოგხვდება და ასეთ შემთხვევაში, შენ ყველას კალათბურთით, ზუსტი სროლით, კარგი პასით, მაგარი დაცვით უნდა უპასუხო.“

ლუკას მაგრად მოხვდა ლეიკერსთან ჩეხვაში. მოხვდა ლიგის ყველაზე დაუნდობელი დამცველისგან - დუაიტ ჰოვარდისგან. 29 დეკემბრის ჩეხვის შემდეგ დონჩიჩი რამდენიმე დღით მოხსნეს ვარჯიშიდან. ლუკამ მიკროტრავმა ოკლაჰომასთან წაგებულ ტესტშიც მიიღო. და, ლუკას ხმა არ ამოუღია.

რიკ კარლაილი: „უხეში კალათბურთი ცუდია ჩვენი სპორტისთვის. ყოველთვის შეიძლება დაკარგო ლიდერი, რომელსაც მეორე გუნდი განსაკუთრებით დაუნდობლად ეთამაშება. არ მომწონს, როდესაც ლიდერებზე ნადირობა იწყება. ეს თამაშს კლავს.“

ლუკაც კლავს.

ლუკა ტკივილს კალათბურთით ფარავს.

ლუკა მზად არის, მაგრამ ნუ დალეწავთ.

დონჩიჩი მაგარი ბავშვია.