საბურთალოს ამბები: ჯერ წარდგენა, მერე თურქეთი და ესპანეთი

8 იანვარს საბურთალოს ხელმძღვანელობა ბენდელას სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში ჟურნალისტებს შეხვდება. პრეზიდენტი ტარიელ ხეჩიკაშვილი და აღმასრულებელი დირექტორი კახა კაშია ახალ მთავარ მწვრთნელს წარადგენენ.

როგორც იცით, ახალი მწვრთნელი გია ცეცაძე იქნება, რომელიც ბოლოს 21-წლამდელთა ნაკრებში მუშაობდა. შეგახსენებთ, ცეცაძის გაწვრთნილი სამტრედია 2016 წელს საქართველოს ჩემპიონი გახდა.  

 

შემადგენლობაში ცვლილებებია. ხელშეკრულებები დაუმთავრდათ და სხვა კლუბებში გააგრძელებენ კარიერას ომარ მიგინეიშვილი, ნიკოლოზ სანდოხაძე (თბილისის დინამოში), თორნიკე გორგიაშვილი, გეგა დიასამიძე (ბელარუსის შახტიორში) , ინტერს გი და ოგნიენ როლოვიჩი.  ეს ოფიციალურად, ისე კი კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი წავა.  

 

საბურთალო 14-23 იანვარს თურქეთის ქალაქ სიდეში გაივლის შეკრებას. შემდეგ საქართველოში მოემზადება და 1-14 თებერვალს ისევ უცხოეთში გაემგზავრება: ამჯერად ესპანეთში, ვალენსიაში ექნება შეკრება.