ჟოაო 120-130

დაიჭერს ჩოლო ფელიშს?!


ჯერ კიდევ შარშან კი ჟოაუ ფელიშს (João Félix Sequeira) არავინ იცნობდა. 2019 წლის გაზაფხულზე კი ბენფიკამ მანჩესტერ სიტისგან, მანჩესტერ იუნაიტედისგან, იუვენტუსისა და ლივერპულისგან მიიღო წინადადებები, ბოლოს კი ატლეტიკოს დაუთმო...

დღეს 20 წლის პორტუგალიელში ევროპული გრანდები 120-130 მილიონ ევროს იხდიან...

საიდან მოვიდა ეს ყმაწვილი?

„ჩემს ფეხებში ბურთი ყოველთვისაა, - იხსენებს ჟოაუ, - შინ, ჩვენს სასტუმრო ოთახში ყოველთვის იდო 15 ბურთი, არ ვაჭარბებ.“

ბურთების ასეთი რაოდენობა იმით აიხსნება, რომ ჟოაოს მამა კარლუშ სეკეირა, მწვრთნელი იყო. თავისუფალ დროს მას მეგობრებთან უყვარდა ფეხბურთის თამაში და ჟოაოც თან დაჰყავდა ხოლმე. „ერთხელ ვათამაშე და შეეხო თუ არა ბურთს, მაშინვე მიიპყრო ყურადღება. ამის შემდეგ  ვარჯიში დავაწყებინე,“ - იხსენებს მამამისი.

 

„დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ მიყვარს ბურთის დაჭერა და ლამაზი ფეხბურთის თამაში, - ამბობს ფელიში,- თუ პასს გაძლევ, უნდა გენდობოდე.“ ერთ-ერთი, ვისაც ენდობა, უმცროსი ძმა უგოა. ისიც ბენფიკას აკადემიაში ირჯება, ამიტომ, თუ დაინახავთ, გოლის შემდეგ როგორ გარბის ფელიში ბურთის მიმწოდებელ ბიჭთან, ეს უგოა. „ხალხი ფიქრობს, რომ უგო უკეთესია, ვიდრე მე ვიყავი ამ ასაკში, მაგრამ დარწმუნებული არ ვარ,“ - აგრძელებს ჟოაუ.

მთავარი გარდასახვა მის ყმაწვილურ კარიერაში, პორტუს აკადემიიდან ბენფიკაში გადასვლა იყო. პორტუში მან ექვს წელიწადს ივარჯიშა და შემდეგ გაუშვეს. „დრაკონების“ ყოფილი კაპიტანი, როდოლფო რეიში ამბობს: მინდა ჯოხი ავიღო და თავზე გადავამტვრიო, ვინც ჟოაუ აკადემიიდან გაუშვაო. 

ჟოაუ შვიდი წლის იყო, როცა მამამ პირველად მიიყვანა პორტუს ვარჯიშზე. მას შემდეგ ის ყველდღიურად 120 კილომეტრს ფარავდა, რათა „დრაკონების“  აკადემიაში ევარჯიშა. მაგრამ, როცა ის 13-ის გახდა, პორტუში ჩათვალეს, რომ ფიზიკურად სათანადოდ განვითარებული არ იყო და დაითხოვეს.

საბედნიეროდ, ჟოაუ ჟურნალისტმა ვალტერ მარკესმა შეამჩნია და ბენფიკას აკადემიაში მოხვდრაში დაეხმარა. გუნდის მთავარ მწვრთნელად ბრუნუ ლაჟეს მისვლის შემდეგ კი ის  ჯერ პერსპექტიულ დუბლიორად იქცა, შემდეგ კი  პირველი გუნდის ლიდერად.


„ის ძალიან ნიჭიერი და ტექნიკური ფეხბურთელია. სწრაფად იღებს გადაწყვეტილებებს. მას ჭეშმარიტად ელიტური დონე აქვს. ძალიან თავმდაბალია, უყვარს ყურადღებით მოსმენა,“ - ამბობს ჟოაუ ტრალიაუ, ბენფიკას აკადემიის ყოფილი მწვრთნელი, რომელიც შემდეგ ტიერი ანრის ეხმარებოდა მონაკოში.

 

მას ბენფიკასა და პორტუგალიის ნაკრების ყოფილი ვარსკვლავი ნუნუ გომეშიც ეთანხმება: „ის აშკარად განსხვავებულია ჩვეულებრივი მოთამაშეებისგან. მისი უპირატესობა  სისწრაფეში აზროვნებაა. ბურთთან ურთიერთობა ზიდანს მაგონებს. ჟოაუს შესანიშნავი მომავალი ელის,“ - ამბობს გომეში.

გასულ სეზონში ფელიშმა 15 ბუთი გაიტანა და 7 საგოლე პასით გამოირჩა, რაც ახალწვეულისთვის სულაც არ არის ცუდი შედეგი. 

ამასობაში ეროვნულ ნაკრებშიც მოსინჯა  ძალა და აღფრთოვანებული დარჩა კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად ვარჯიშით.

მოკლედ, ახლა ყველაფერი მის ხელშია. თორემ არა-ერთი  ახალგაზრდა გვინახავს ადრეულ ასაკში ცაში რომ აუყვანიათ და მერე მათგან დიდი ვრაფერი გამოსულა. მაგალითად, რენატუ სანშეში ან მარტინ ედეგორი., თუმც ახლა ის დიეგო ჩოლო სიმეონეს ხელშია და არა გვგონია მაღლა აფრინდეს...