საქართველო და მსაჯები

ყველამ ყველას პატივი უნდა სცეს. პირველ რიგში, საკუთარ თავს. 

კალათბურთი რთული თამაშია.

სადაც ყველა ყოველთვის ფორმაში უნდა იყოს.

მწვრთნელი არ უნდა აკიმარებდეს მოთამაშეებთან ერთად და გამოუძინებლობის მიზეზი ამ შემთხვევაში ნამდვილად არ არის სკაუტინგი.

მოთამაშე არ უნდა იცლებოდეს ენერგიისგან ისეთ კლუბში, სადაც ყველამ იცის, რომ, მას, მოთამაშეს იქ დილამდე ნახავენ.

სუპერლიგაში მსაჯები არ უნდა იღებდნენ საყვედურს გამოუძინებელი მწვრთნელისგან და მოუმზადებელი მოთამაშისგან იმის გამო, რომ ისინი, მსაჯები შეცდომას უშვებენ.

შეცდომას ყველა უშვებს.

შეხედეთ NBA-ს. მსაჯები იქ ისეთ იაღლიშებს უშვებენ, გაგეცინება, მაგრამ მანახეთ მოთამაშე, რომელიც მსაჯს სიტყვაზე გაეკიდება, ძველბიჭობას დაუწყებს ან, ყველაზე ცუდი, სიტყვიერად და ფიზიკურად მიაწვება.

ეს არ მოსულა. ყველამ ყველას პატივი უნდა სცეს. პირველ რიგში, საკუთარ თავს.

მსაჯი ისეთივე ადამიანია, როგორც შენ - მოთამაშე.

და, სამწუხაროდ, ზოგიერთი მსაჯის ფიზიკური მომზადების დონე გაცილებით კარგია, ვიდრე - მოთამაშის, რომელიც შეტევიდან დაცვაში დროულად ვერ ბრუნდება. იღლება.  

მსაჯები დამსახურებულად იღებენ კრიტიკას, როდესაც ისინი მართლაც ცდებიან, მაგრამ ვინ გააკრიტიკოს მოთამაშე, რომელიც ჯიუტად ისვრის სამიანებს, არ ამჩნევს პარტნიორებს და მის გამო გუნდი აგებს?

ვინ გააკრიტიკებს მწვრთნელს, რომელსაც არ ახსოვს, რომ ასაღებია წუთშესვენება და გუნდი ამის გამო აგებს ჯერ კონკრეტულ მონაკვეთს და შემდეგ, თამაშს?

საქართველოში საერთაშორისო კატეგორიის რამდენიმე მსაჯია. დანარჩენები მუშაობენ დონის გაზრდაზე და თუ არ დავეხმარებით, ხელს ნუ შევუშლით მაინც. შეცდომაზე თავაზიანად მივუთითოთ და მერწმუნეთ, მსაჯებიც ლმობიერები და უფრო მონდომებულები იქნებიან.

მსაჯობა რთულია.