ფაქტი: ქართული გუნდები უცხოელი მწვრთნელის გარეშე

არ ვიცით, 90–იანი წლების პირველი ნახევრის შემდეგ ასე ყოფილა თუ არა: არცერთ ქართულ გუნდს არ ჰყავს უცხოელი მწვრთნელი.

ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე ასეა, ჩემპიონატი კი მარტში იწყება.

 

ბოლოს იყო ჩისკო. მისი გაწვრთნილი დინამო თბილისი ჩემპიონი გახდა, მაგრამ ესპანელთან კონტრაქტი აღარ გაგრძელდა.  

 

2018 წელს გაგრაში შედეგიანად მუშაობდა უკრაინელი დენის ხომუტოვიც. გუნდი საქართველოს თასის ფინალში გავიდა და იქაც ერთი წუთი დააკლდა მოგებამდე, მაგრამ ეროვნულ ლიგა 2–იდან უმაღლესში ვერ გადავიდა: ბოლოს გადათამაშებაში წააგო სიონთან. შარშან ხომუტოვი თელავს წვრთნიდა, მაგრამ სეზონის ნახევარიც არ იყო გასული, როცა მოხსნეს. ამ შემთხვევაში მოხსნამ გაამართლა.

 

დღესდღეობით დარჩა მხოლოდ ვლადიმირ ვაისი... თუმცა სლოვაკი ხომ კლუბში არ მუშაობს.

 

ჩვენ ნამდვილად არ ვამტკიცებთ, რომ კონკრეტული უცხოელი კონკრეტულ ქართველს სჯობს, ან პირიქით. უბრალოდ, ტენდენციაა თვალში მოსახვედრი.

 

იყვნენ უცხოელები, რომლებმაც ვერაფერი სახელი ვერ დატოვეს. მეტიც, ზოგიერთი მათგანი კარიკატურულ პერსონაჟადაც შემორჩა, მაგრამ უმრავლესობა მწვრთნელებისა მაინც მცოდნე და შედეგიანი იყო, განსხვავებული ხედვა და თამაშის სტილი შემოჰქონდათ.

 

პროცენტულად რომ ავიღოთ, აქ უცხოელი სპეციალისტები უკეთ მუშაობდნენ, ვიდრე უცხოელი ფეხბურთელები თამაშობდნენ.