საბანაძე დაბრუნებასთან ახლოსაა

ბათუმის დინამოს ფორვარდს მალე კვლავ მოედანზე ვიხილავთ

ბათუმის დინამოს ფორვარდმა ნიკა საბანაძემ წელის ტრავმის გამო სეზონის დიდი ნაწილი გამოტოვა. აჭარელთა თავდამსხმელს თიაქარი აწუხებდა და გუნდს ვერ ეხმარება. ნიკა უკვე დიდი ხანია, რაც გამოჯანმრთელების გზაზეა და როგორც თვითონ გვითხრა, ვარჯიშს სავარაუდოდ 1 თვეში განაახლებს.

 

„მეოთხე და მეხუთე მალებს შორის 7 მილიმეტრიანი თიაქარი აღმომიჩინეს და დიდი ხანია ვმკურნალობ.  ნოემბერში ოპერაცია გავიკეთე და ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ვარჯიშს სავარაუდოდ 1 თვეში განვაახლებ. რაც შეეხება ბათუმის დინამოს, გუნდთან კონტრაქტი ზაფხულამდე მაკავშირებს და კლუბის დატოვებას არ ვაპირებ,“-გვითხრა საბანაძემ.

 

28 წლის ფეხბურთელმა გულშემატკივრებს თავი ქუთაისის ტორპედოში კარგი თამაშით გააცნო. იმერული გუნდის გარდა მას ზესტაფონში, თბილისის დინამოში, კვიპროსულ ეთნიკოსში, საბურთალოში, მარტვილის მერანში, ირანულ ჯამეგანში უთამაშია და დღეს როგორც უკვე გითხარით, ბათუმის დინამოს ფეხბურთელია. ამ სეზონში ნიკამ 20 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა.