ოთარ კიტეიშვილი: ევრო 2020-ის შესარჩევში უკეთ გამოსვლა შეგვეძლო

ოთარ კიტეიშვილი - შესაძლო ტრანსფერზე, ავსტრიის ჩემპიონატზე, 2019 წელზე ...

გრაცის შტურმის და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი, ეროვნული გუნდის ერთერთ ლიდერად იქცა. ევრო 2020-ის შესარჩევში იგი ქართველთაგან ერთ-ერთი გამორჩეული გახლდათ. ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ, კიტეიშვილი 2019 წლის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელის ნომინაციაში იყო წარდგენილი და მას მხოლოდ ჯაბა კანკავამ აჯობა.

 

ასევე თვალშისაცემია 23 წლის ფეხბურთელის საკლუბო ამბები. მოკლე ხანში იგი ავსტრიელთა ლიდერად იქცა, ხშირად გოლით ან საგოლე გადაცემით ეხმარება გუნდს და ტურის სიმბოლურშიც არაერთხელ შეიყვანეს.

 

გრაცელთა ნახევარმცველს Leadersport.ge ავსტრიაში დაუკავშირდა და ინტერვიუ ჩამოართვა.

 

- როგორი იყო შენთვის 2019 წელი?

 

- მთლიანობაში საკმაოდ კარგი წელი გამომივიდა. შტურმის რიგებში თითქმის ყველა მატჩში მივიღე მონაწილეობა და გარდა ამისა ეროვნულ გუნდში მხოლოდ 1 შეხვედრა გამოვტოვე. კარგი წელი იყო და იმედია 2020 უკეთესი იქნება.

 

- სანაკრებო კუთხითაც რომ შეაფასო წელი.

 

- მართალია გუნდმა რამდენიმე კარგი შეხვედრა ჩაატარა, თუმცა ვფიქრობ ევრო 2020-ის შესარჩევში უკეთ გამოსვლა შეგვეძლო.  ყველამ კარგად ვიცით, რომ წინ უმნიშვნელოვანესი შეხვედრები გველის და ვეცდებით მარტის მატჩებში მიღწეული წარმატებებით გავახაროთ გულშემატკივრები.

 

- როგორც თავად აღნიშნე ნაკრებს უკეთ გამოსვლა შეეძლო. შენი აზრით რამ შეუშალა ამაში ხელი?

 

- რამდენიმე მიზეზია, რის გამოც წარმატებას ვერ მივაღწიეთ. ვფიქრობ სტაბილურობა გვაკლდა, ასევე ხშირი იყო ტრავმები. ყველა მატჩში რამდენიმე ფეხბურთელი მოვისაკლისეთ, რამაც ძალიან შეგვიშალა ხელი. აღსანიშნავია, რომ რიგ ეპიზოდებში იღბალმა ზურგი გვაქცია.

 

- ბოლო პერიოდში ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ხარ. ამან ალბათ თავდაჯერებულობა შეგმატა.

 

- რა თქმა უნდა. ის ფაქტი, რომ ეროვნული გუნდის წევრი ვარ ძალიან ბევრს ნიშნავს, და როცა მოედანზე გადიხარ ორმაგად სასიხარულოა. დიახ, თავდაჯერებულობა მართლაც მომემატა, რაც ძალიან სასიამოვნოა.

 

- რა მოლოდინი გაქვს ბელარუსთან მატჩზე?

 

- ამ თემაზე ბევრი საუბარი არც ღირს. ყველამ კარგად ვიცით რა მნიშვნელოვანი შეხვედრა გველის წინ და თითოეულმა ჩვენგანმა წარმატების მისაღწევად მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ.

 

 

- ერთა ლიგის 1/2 ფინალი და მოგების შემთხვევაში ფინალი თბილისში ჩატარდება. არის ეს ფეხბურთელებისთვის დამატებითი მოტივაცია?

 

- დიახ, როცა ესეთი შეხვედრების ჩატარება საშინაო კედლებში გიწევს საკუთარი ქომაგების წინ, ეს ბევრს ნიშნავს.

 

- საკლუბო ამბებზეც გადავიდეთ. წელიწადნახევარია, რაც შტურმში გადახვედი და პროგრესი აშკარაა. შენი შტაბეჭდილებების შესახებ რომ მოგვიყვე. ყველაზე მეტად რა კომპონენტში მოუმატე?

 

- სათამაშო პრაქტიკა არ მაკლია და ეს ყველაზე მეტად მახარებს. საბედნიეროდ ხელი არც ტრავმას შეუშლია. ისიც მსიამოვნებს, რომ მწვრთნელები მუდმივად მენდობიან და მათთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. რაც შეეხება პროგრესს, ყველაზე მეტად ფიზიკურ კონდიციებში მოვუმატე.

 

- როგორც ვიცით შენით რამდენიმე გუნდია დაინტერესებული. რამდენად დიდია იმის შანსი, რომ მალე სხვა კლუბში გიხილოთ?

 

- ტრანსფერზე საუბარი ჯერ ნაადრევია, რადგან შტურმის ფეხბურთელი და დიდი ალბათობით სეზონის ბოლომდე გუნდს არ გამოვიცვლი. ამჟამად მთლიანად ამ სეზონზე ვარ კონცენტრირებული.

 

- რა პოზიციაზე გათამაშებს ხოლმე მწვრთნელი?

 

- ძირითადად თავდამსხმელების უკან, სადაც ყველაზე კომფორტულად ვგრძნობ თავს. ხშირად საყრდენადაც მითამაშია, რამდენიმე შეხვედრაში ფლანგზეც დამაყენეს. პოზიციას ტაქტიკიდან გამომდინარე მირჩევენ ხოლმე.

 

 

- რა არის გუნდის მიზანი ამ სეზონში?

 

- ჩვენი მთავარი ამოცანა სამეულში მოხვედრაა და ვფიქრობ ამის ძალა შეგვწევს.

 

- რა მიზანი დაისახე 2020 წლისთვის?

 

- ყველა მატჩის მოგება. შესაძლოა რომელიმე თამაშში წარმატებას ვერ მიაღწიო, თუმცა ფსიქოლოგიურად მზად ვარ იმისთვის, რომ თითოეულ შეხვედრაში მოგებისთვის ვიბრძოლო და ამისთვის მაქსიმუმი გავაკეთო.