რაგბი ევროპის ჩემპიონატი მეთორმეტედ უნდა მოვიგოთ

ბორჯღალოსნებს შეჯიბრებისთვის ლევან მაისაშვილი ამზადებს 

საქართველოს ნაკრები მომავალი რაგბი ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება. ბორჯღალოსნები პირველ მატჩს 1 თებერვალს, თბილისში რუმინეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ.

 

ჩვენი ეროვნული ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა 2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატისთვის იანვრის ბოლოს დასახელდება. საქართველოში მყოფი ბორჯღალოსნები და ნაკრების კანდიდატები კი, კვირაში რამდენჯერმე 'შევარდენის სანაკრებო ბაზაზე იკრიბებიან და ლევან მაისაშვილის ხელმძღვანელობით ვარჯიშობენ

 

წვრთნებში მონაწილეობას იღებენ: შალვა მამუკაშვილი, გიორგი ჭყოიძე, გიორგი თხილაიშვილი, გრეგორ ქერდიყოშვილი, გიორგი ბეგაძე, ლაშა ხმალაძე, მერაბ შარიქაძე, ალექსანდრე თოდუა, ლაშა მალაღურაძე, გიორგი კვესელაძე, მირიან მოდებაძე, ზურაბ ძნელაძე, გიორგი კოშაძე, სანდრო სვანიძე, ლაშა ლომიძე, სოსო მათიაშვილი, დემე თაფლაძე და აკაკი ტაბუცაძე.

 

საქართველოს ნაკრებს რაგბი ევროპის ჩემპიონობა 11-ჯერ აქვს მოგებული. 2011 წლიდან ბორჯღალოსნები ტურნირის უმთავრეს ფავორიტებად არიან და 9 გათამაშებიდან 8 პირველ ადგილზე დაასრულეს. აქედან 6-ჯერ ზედიზედ, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. განვლილ 20 წელიწადში ბორჯღალოსნებს რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ზუსტად 100 მატჩი აქვთ ჩატარებული. აქედან 83 მოიგეს, 4  ფრედ დაასრულეს და 13 წააგეს.

 

2013-2017 წლებში ბორჯღალოსნებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ 23 შეხვედრა მოიგეს, რაც ასევე სარეკორდო მაჩვენებელია. ჩვენი გუნდი ლიდერობს საკუთარ მოედანზე ზედიზედ მოგებული მატჩების რაოდენობითაც. ეს სერია 2009 წელს დაიწყო და დღემდე 29 მატჩს ითვლის.