სპორტი 1000 წლის წინ - ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ

სპორტს ათასწლოვანი ისტორია აქვს

თითქმის ყველაფერი, რაც კაცობრიობას შეუქმნია, სათავეს უძველესი დროიდან იღებს - გამონაკლისი არც სპორტია. ჩვენთვის კარგად ცნობილი სპორტის არაერთი თანამედროვე სახეობა ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა. ეს დისციპლინები იცვლებოდნენ, ვითარდებოდნენ, კვდებოდნენ და ხელახლა იბადებოდნენ. მათმა ნაწილმა დღემდე მოაღწია, ჩვენს ბლოგში ამის შესახებ მცირედს მოგითხრობთ.

 

 

ფეხბურთი

 


 

ფეხბურთს ბრიტანეთში IX საუკუნიდან თამაშობენ. ყოველკვირეულად უბანში შეკრებილი ბიჭები ბურთის უაზრო დევნით ერთობოდნენ. როგორც წესი, ეს თამაში რელიგიურ დღესასწაულებს ემთხვეოდა - ზოგჯერ ამას ნათლობებსა და ქორწინებებზეც აკეთებდნენ. რაღაცით ეს სპორტი ჩვენს ლელობურთს გვახსენებს - ახალგაზრდები ბურთისმაგვარ სუბიექტს დასდევდნენ, რითაც საკუთარი ძალისა და ღონიერების დემონსტრირებას ცდილობდნენ.

 

ისტორიული წყაროების მიხედვით, ფეხბურთის მსგავს სპორტს ბრიტანელი ჯვაროსნებიც თამაშობნენ. რაინდთა ტურნირებზე ამისთვის ცალკეული სახეობა არსებობდა - მონაწილეს ბურთი ნამდვილი ციხესიმაგრის კარებში უნდა შეეტანა. მას მოწინააღმდეგე ხელს უშლიდა, ამიტომ ასეთ შეჯიბრებზე ჩხუბი ჩვეულებრივი ამბავი იყო - მსხვერპლით დასრულებული ტურნირიც არავის აკვირვებდა.

 

უამრავი ახალგაზრდა საზარელ ტრავმებს იღებდა და, მეტიც, ხშირი იყო გარდაცვალების შემთხვევები, ამიტომ ეს თამაში აკრძალეს. ამას ისიც ემატებოდა, რომ ფეხბურთი მაშინაც ძალიან ხმაურიანი იყო - ქალაქში მცხოვრები მოსახლეობა არეულობასა და ყიჟინას ვეღარ იტანდა. როგორც ხვდებით, ეს სპორტი საბოლოოდ მაინც ვერ ამოძირკვეს - მოტეხილობების, ტრავმებისა და გულშემატკივართა ჩხუბის მიუხედავად, ადამიანები ბურთს მაინც დასდევენ. ეს ამბავი არაფერს გაგონებთ?

 

 

ჩოგბურთი

 


 

ჩოგბურთი ევროპაში XII საუკუნეში გაჩნდა და ის იშვიათ გამონაკლისს წარმოადგენს - იმ დროს გავრცელებულ სპორტის სახეობებში ადამიანები, როგორც წესი, ერთმანეთს ფიზიკურად უსწორდებოდნენ. ჩოგბურთი თავიდანვე მშვიდობიანი სახეობა იყო. მას ნებისმიერი სოციალური ფენის წარმოამდგენლები თამაშობდნენ. საფრანგეთში ამ სპორტს "ჟე-დე-პომ"-ს ეძახდნენ, რაც ხელით თამაშს ნიშნავდა. გერმანიაში მას კაცენშპილის (კატის თამაში) სახელით მოიხსენიებდნენ. საბოლოოდ, ამ სპორტს ტენისი დაერქვა - ლინგვისტები ვარაუდობენ, რომ აღნიშნული სახელწოდება ფრანგული სიტყვიდან "დაიჭირე!" მომდინარეობს, რადგან თამაშის დროს სპორტსმენები ამ ფრაზას ხშირად ხმარობენ.

 

შუა საუკუნეების ჩოგბურთს ერთდროულად რამდენიმე ადამიანი თამაშობდა. პროცესი დახურულ შენობაში მიმდინარეობდა - პატარა ზომის ბურთს იყენებდნენ, თუმცა ჩოგნები არ არსებობდა - მოთამაშეები ბურთს გაშლილი ხელით ურტყამდნენ. ეს სპორტი განსაკუთრებული პოპულარობით მონასტრებში სარგებლობდა. ცნობილმა თეოლოგმა, ფილოსოფოსმა და კათოლიკე წმინდანმა, თომა აკვინელმა ამ სპორტს აპოლოგიაც კი მიუძღვნა, გთავაზობთ ამონარიდს:

 

"ეს არა მავნე ჩვევა, არამედ დატვირთული სასულიერო ცხოვრებისგან განტვირთვის სასიამოვნო საშუალებაა"


ამას ისიც ემატებოდა, რომ ბურთის დაჭერის შემთხვევაში ბერი ხელებს შლიდა, რითაც ჯვარცმულ ქრისტეს განასახიერებდა - რამაც ჩოგბურთს დამატებითი რელიგიური დატვირთვა შეჰმატა.

 

მიუხედავად ამისა, ამ სპორტს მოწინააღმდეგეებიც ჰყავდა - ცნობილმა გერმანელმა ბერმა და ქრონოლოგმა, ცეზარ ფონ ჰაისტერბახმა, ჩოგბურთს ეშმაკის გართობა უწოდა. მისი თქმით, ბურთი ადამიანის სულია, ხოლო მოთამაშეები ეშმაკები არიან და ჩვეულებრივ მოკვდავებს ტანჯავენ.

 

საბოლოოდ, ჩოგბურთმა ევოლუცია განიცადა - ხშირი თამაშის გამო ბერებს ხელები სტკიოდათ, რამაც სპორტში ჩოგნები გააჩინა. სამომავლოდ, ამას ბადეც დაემატა და ყველასთვის კარგად ცნობილი ჩოგბურთი ჩამოყალიბდა.

 

 

ცხენბურთი

 

 

ძველი წელთაღრიცხვის ადრეულ საუკუნეებში ირანისა და აზიის ქვეყნების მომთაბარე ტომები ამ სპორტით ერთობოდნენ. ძველ სპარსეთში ეს თამაში სამეფო ოჯახთან დაახლოებულ პირთა პრივილეგიად ითვლებოდა - მას სამხედრო დისციპლინის განუყოფელ შემადგენლად მიიჩნევდნენ.

 

მოგვიანებით ცხენბურთმა ბიზანტიაშიც შეაღწია. ამ სპორტის ლეგენდარულ მოთამაშედ გაერთიანებული რომის იმპერიის უკანასკნელი მმართველი, თეოდოსიუს I არის მიჩნეული. შეგახსენებთ, 393 წელს ოლიმპიური თამაშები სწორედ მან აკრძალა.

 

ცხენბურთმა პოპულარობა აღმოსავლეთ აზიაშიც ჰპოვა - ინდოელმა სულთნებმა ეს სახეობა მალევე აიტაცეს. ამ სპორტმა იქ სახე იცვალა - ადრეულ ეტაპზე მოთამაშეები რკინის ბურთს აგორავებდნენ, რომლის შიგნით ცეცხლი იყო დანთებული, რათა ის კარგად გამოჩენილიყო. მოგვიანებით ინდოელებმა ხის ბურთები - "პულუ" შემოიღეს. შემდგომში, ინდოეთი ბრიტანეთმა დაიმორჩილა და ამ თამაშის შედარებით უფრო გვიანდელი სახეობა გაიცნო. საბოლოოდ, ყველასთვის კარგად ცნობილი სპორტი - პოლო ჩამოყალიბდა. XIX საუკუნეში ბრიტანელებმა პირველი კლუბებიც დაარსეს.

 

 

ბოულინგი

 

 

XII საუკუნის დასაწყისიდან ევროპელები კეგლებით თამაშობდნენ. ამ დროს გერმანიაში კეგლების გილდიებიც კი არსებობდა. გაგიკვირდებათ, მაგრამ გემბლინგი იმ დროსაც არსებობდა - მაყურებლები საყვარელ მოთამაშეზე ფსონს დებდნენ. როგორც წესი, მათი გილდიების შემოსავალი ეკლესიების მშენებლობას ხმარდებოდა.  მოგვიანებით აღნიშნული სახეობა, როგორც აზარტული თამაში აკრძალეს.

 

მიუხედავად ამისა, გერმანულ მონასტრებში კეგელბანს მაინც თამაშობდნენ. მათ მარტივ გამოსავალს მიაგნეს - ბერები უბრალო ქვების ნაცვლად წარმართული ცრუღმერთების გამოსახულებებს აქცევდნენ, რითაც, მათი თქმით, ქრისტეს მტრებს ებრძოდნენ.

 

 

ამერიკული ფეხბურთი

 

 

კოლუმბამდელ ეპოქაში ინდიელებში თანამედროვე ამერიკული ფეხბურთის მსგავსი სპორტი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა. თითოეულ გუნდში 2-დან 4-მდე მოთამაშე იყო. ისინი კაუჩუკისგან დამზადებულ მძიმე ბურთს სპეციალური ჩოგნებითა და ჯოხებით ისროდნენ. თამაშის მიზანი მოწინააღმდეგისთვის ბურთის ართმევა და მისი თამაშიდან გამოთიშვა იყო. XVI საუკუნეში აცტეკებმა წესები შეცვალეს - მათ სტადიონზე სპეციალური ქვის წრეები დაკიდეს. სპორტსმენებს ბურთი სწორედ იქ უნდა ჩაეგდოთ.

 

ისტორიულად წყაროების მიხედვით, ყოფილა შემთხვევები, როდესაც ბრძოლისა და ომის ნაცვლად დაპირისპირებული მხარეები ურთიერთობას მოედანზე არკვევდნენ. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ თამაშის დასრულების შემდეგ ადამიანებს მსხვერპლად სწირავდნენ. გარდა ამისა, საუკეთესო მოთამაშის გარდაცვალების შემთხვევაში, მისი თავის ქალისგან ბურთებიც კი მზადდებოდა, მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ გამონაკლისისს წარმოადგენდა. როგორც წესი, ამ თამაშით უბრალოდ ერთობოდნენ - მასში, განურჩევლად ასაკისა და სქესის, ყველა მონაწილეობდა.

 

სერფინგი

 

 

უშველებელ ტალღებზე დაფით სრიალი პოლინეზიაში მოიფიქრეს. XVIII საუკუნეში ჯეიმს კუკის ექსპედიციის დროს სერფების მსგავს დაფებზე მოცურავე აბორიგენები პირველად კოლონიზატორებმა შენიშნეს - ბრიტანელები ვერასდროს წარმოიდგენდნენ, რომ მომავალში ეს გართობის საშუალება პოპულარულ სპორტულ სახეობად ჩამოყალიბდებოდა.

 

 

მაშინ სერფინგი კუნძულ ტაიტიზე აბორიგენების სამხედრო წვრთნის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი გახლდათ. სამომავლოდ, ჰავაელებმა მას რელიგიური მნიშვნელობაც მიანიჭეს - მისი სახელი, "ჰეენალუ", წყალზე სრიალს ნიშნავს. ადგილობრივი ლეგენდის მიხედვით, ჰავაელები ამ გზით ღმერთებს ოკეანეზე ბატონობის უფლებას სთხოვდნენ. საპასუხოდ მათ ღმერთებისგან სერფინგის დაფა გადმოეცათ - ჩვეულებრივ მოკვდავებს ის წყლის დასამორჩილებლად უნდა გამოეყენათ.

 

დაფები ერთმანეთისგან განსხვავდებოდა - მდიდრებს ლამაზად მოხატული სერფები ჰქონდათ და მათ ნებისმიერ სანაპიროზე შესვლა შეეძლოთ, ხოლო ღარიბები შეუხედავი, არაფრით გამორჩეული დაფებით დადიოდნენ. მათთვის საუკეთესო პლაჟებზე შესვლა აკრძალული იყო. სამაგიეროდ, თუნდაც ღარიბ გამორჩეულ სერფერებს განსაკუთრებულ პატივს სცემდნენ - მომავალში მათ არც ფული აკლდათ და არც გავლენა.