სანდრო კობახიძე: ის გოლი ღმერთმა მე მაჩუქა

სანდრო კობახიძე ამჟამად უკლუბოდაა. 32 წლის ფლანგელი ნახევარმცველი ბოლოს უკრაინის დნიპრო1–ში გახლდათ. საერთოდაც, 15 წელია თამაშობს და აქედან 12 წელი უკრაინულ გუნდებში გაატარა. 

თავის დროზე თბილისის დინამოდან გადავიდა დნიპროში, 2017 წელს კი ცოტა ხანი თურქეთის გიოზთეფეშიც იყო.

 

35 მატჩი ეროვნულ ნაკრებში ხუმრობა არაა, 3 გოლიდან კი ერთს გამოვარჩევთ: პარიზში, საფრანგეთთან, უგო ლორისის კარში... სანდრო ამჟამად თბილისშია და აქვე, მასთან ინტერვიუ:

 

საკლუბო მომავალი... სიახლე არის?

 

მოლაპარაკებებს ვაწარმოებ როგორც ქართულ, ასევე უცხოურ გუნდებთან. ვნახოთ, რა მოხდება.

 

საქართველოს ჩემპიონატის გასულ სეზონს თვალს ადევნებდი? და სათამაშო დონეზე რას იტყვი?

 

მომწონს. რაც ვნახე, დაძაბულობაა და გუნდები გათანაბრდნენ. დინამო თბილისი, დინამო ბათუმი და საბურთალო გამოირჩეოდნენ, მაგრამ ახალი კლუბებიც წამოვიდნენ. მაგალითად, ლოკომოტივი მომწონს.  

 

ბოლო პერიოდში, დნიპრო1–ში თამაში რატომ არ გიწევდა?

 

აქცენტი ახალგაზრდებზე კეთდებოდა. თავიდან სხვა პირობით მივედი, მაგრამ მერე კლუბმა კურსი შეცვალა და როცა უთამაშებლობის მიზეზი ვიკითხე, ასე მითხრეს, შენი ასაკი მისაღები არ არისო. კიდევ ექვსი თვით მქონდა კონტრაქტი, მაგრამ შეწყვეტაზე შევთანხმდით.

 

კარიერიდან საუკეთესო სეზონად რომელს მიიჩნევ?

 

გამოვარჩევ ვორსკლასთან ერთად მესამე ადგილზე გასვლას. მეც კარგი თამშები ჩავატარე და ევროპა ლიგაზე გავედით. კარგი იყო კიევის არსენალშიც. დნიპრო კი, რა თქმა უნდა, ყველაზე ძლიერი გუნდი იყო, სადაც ვყოფილვარ, მაგრამ უმეტესად თამაში არ მიწევდა.

 

ნაკრებზეც. საფრანგეთთან თამაში გაიხსენე...


 

პარიზში 1:3 წავაგეთ და გულდასაწყვეტი იყო, რომ 0:0–ზე ლორისმა მაგარი ბურთი ამიღო. აი, ის რომ გამეტანა, სულ სხვა მნიშვნელობისა იქნებოდა, ნაკრებს მაგრად წაადგებოდა. საბოლოოდ, უკვე სამი ბურთით ვაგებდით, როცა გავიტანე და პრესტიჟის გოლიღა გამოვიდა... მოკლედ, ღმერთმა მე მაჩუქა გოლი, მთლიანად ნაკრებს კი ეს ვერაფერში დაეხმარა.   

 

მწვრთნელები, რომლებმაც შენს კარიერაში დიდი როლი ითამაშეს...

 

ნაკრებში თემურ ქეცბაია. კლუბებში კი ლეონიდ კუჩუკი (არსენალში), მაგრამ მანამდე, უკრაინაში რომ გადავედი, უფროსი დუშან უჰრინი და კახა კაჭარავა დამეხმარნენ. ყველაზე დიდი როლი კი ნოდარ აკობიამ ითამაშა... ეს იმ დროს, სანამ პროფესიულ კარიერას დავიწყებდი. უგუნდოდ დავრჩი და ზღვარზე ვიყავი, საერთოდ ფეხბურთს ვითამაშებდი თუ არა.

 

და საუკეთესო პარტნიორი მოედანზე?

 

სანდრო იაშვილი. მიუხედავად იმისა, რომ საშინელი ხასიათი ჰქონდა. პასს თუ არ მისცემდი, ან დაუგვიანებდი, იმხელა ხმაზე ყვიროდა... დასანანია, რომ ასე ცოტა ხანს ითამაშა სანდრომ. და ჯაბა კანკავა რომ არ ვთქვა, არ გამოვა. როცა გვერდში კანკავა გყავს, შეტევაში უფრო თამამად ხარ.