ჩიჩარიტოს იბრაჰიმოვიჩის შემცვლელად განიხილავენ

მექსიკელს ახალ გუნდში იწვევენ

სევილიას ფორვარდს ხავიერ ერნანდესს ამერიკაში იწვევენ. ESPN-ის ცნობით, მექსიკელის გადაბირება ლოს ანჟელეს გალაქსის სურს. ცნობილია, რომ ამერიკელები ჩიჩარიტოს ზლატან იბრაჰიმოვიჩის შემცვლელად მოიაზრებენ, რომელიც მილანში დაბრუნდა. ამერიკულ ვარიანტზე ერნანდესის პოზიცია ჯერჯერობით უცნობია.

 

აღსანიშნავია, რომ ჩიჩარიტოს ამერიკაში თამაშის შანსი 2015 წელსაც ჰქონდა, თუმცა ფეხბურთელმა ევროპაში დარჩენა ისურვა და ლევერკუზენის მაისურა მოირგო.

 

ჩიჩარიტომ კარიერა გვადალახარაში დაიწყო, საიდანაც მანჩესტერს მიაშურა. წითელ ეშმაკებში ერნანდესს კარიერის საუკეთესო პერიოდი ჰქონდა. იუნაიტედის შემდეგ ის რეალის, ლევერკუზენის, ვესტ ჰემის ღირსებას იცავდა და დღეს სევილიას ფეხბურთელია. 31 წლის თავდამსხმელმა ამ სეზონში 14 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.