დეილი-გული

ბლინდის კარიერის ამბავი

ამსტერდამის აიაქსის 29 წლის მცველ დეილი ბლინდს დეკემბრის ბოლოს სახიფათო დიაგნოზი დაუსვეს - მიოკარდიტი, ანუ გულის კუნთის ანთება. 

ორიოდ დღის წინ კი ამერიკულმა ტელეარხმა, Fox Sports-მა განაცხადა, რომ ამ დაავადების გამო ბლიმდმა, შესაძლოა, კარიერა დაასრულოს.

დეილიმ ეს ინფორმაცია უარყო, თუმცა ამბავი ცარიელ ადგილზე არ გაჩენილა. ფეხბურთელის მტკიცების  მიუხედავად, აქაო და საშიში არაფერიაო, მართლაც არსებობს ბუცების კედელზე ჩამოკიდების ალბათობა.

10 დეკემბერს, ჩემიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის შეხვედრისას, ვალენსიას წინააღმდეგ (0:1), ბლინდს თავბრუ დაეხვა, თუმცა მატჩი ბოლომდე ჩაამთავრა. შემდეგ კი საფუძვლიანი სამედიცინო შემოწმება გაიარა, რომლითაც დადასტურდა, რომ მას გულის კუნთის ანთება აქვს. 10 დღეში მას არითმიის შესაძლო განვითარების მიზეზით კარდიოვერტერი ჩაუსვეს.

 

მას შემდეგ ბლინდი მინდორზე აღარ გამოჩენილა. დეილის მამამ, აიაქსისა და ჰოლანდიის ნაკრების ყოფილმა ვარსკვლავმა, დანიმ, განაცხადა, რომ მისი ვაჟის მინდორზე დაბრუნება მთლად უსაფრთხო არ არის. ვიდრე დეილი მკურნალობის კურსს გადის, მისი ოჯახის სხვა წევრები კომენტარებისგან თავს იკავებენ. 

საფეხბურთო ექიმებიც შეფიქრიანებულნი არიან. მათ მიჩნიათ, რომ მიოკარდიტი სერიოზული დაავადებაა, რომელსაც კარდიოლოგებმა უნდა მიხედონ. ძნელი სათქმელია, უღირს კი დეილის კარიერის გაგრძელება. ეს მძიმე შინაგანი დაავადებაა, რომლის დროსაც დატვირთვები კატეგორიულად იკრძალება. ისინი გულსისხლძარღვთა სისტემაზე მოქმედებს. თუკი ამ სისტემაში რღვევა მოხდა, კარიერის გაგძელებაზე საუბარიც ზედმეტია.

ბლინდს ხანგრძლივი მკურნალობა მოუწევს. თუ მომავალში ის მაინც გავა მინდორზე, დიდი შანსია მიოკარდიტი ისევ განმეორდეს, რაც სიცოცხლისთვის ძალიან სახიფათოა.

ტრავმების განკურნება შეიძლება. აი, გულსისხლძარღვთა დაავადებები კი ძალიან სახიფათოა სპორტსმენებისთვის.

როგორც ვთქვით, თავად ფეხბურთელმა ჰოლანდიურ Sportnieuws.nl - თან ინტერვიუში უარყო რაიმე დაავადების შესახებ ინფორმაცია: „ყველა შემთხვევაში უნდა გავაგრძელო საფეხბურთო კარიერა, - ამბობს ბლინდი, - თუმც ერთი-ორი თვე შეიძლება გამიცდეს. მოთმინება დამჭირდება აღდგენისათვის. რაც შეეხება ხმებს, თითქოს ვეღარ ვითამაშებ, ეს დამატებითი მოტივაციაა სწრაფად დასაბრუნებლად.“

 


ბლინდის გამოჯანმრთელების ზუსტი დრო ჯერჯერობით უცნობია. ერთი ნაღდია, იანვარში ის ვერ ითამაშებს და აიაქსის რამდენიმე მატჩის გამოტოვება მოუწევს. 

სხვათა შორის, ეს ფეხბურთელებში გულის დაავადების პირველი შემთხვევა არ არის. შეგახსენებთ, რომ ამ მიზეზით 2018 წელს ფიორენტინას კაპიტანი, დავიდე ასტორი გარდაიცვალა. მან დაავადების შესახებ არაფერი იცოდა და ბოლო წუთამდე თამაშობდა.

ამიტომ, დეილის სერიოზული დაფიქრება მართებს - სიცოცხლე ხომ კარიერაზე გაცილებით მნიშვნელოვანია.