... ხელს არასოდეს ჩამოვართმევ

შილტონი მარადონაზე: ის არც კი განიცდის საკუთარ თაღლითობას

ლეგენდარულმა ინგლისელმა მეკარე პიტერ შილტონმა, ინტერვიუ მისცა The Guardian-ს. 70 წლის შილტონი, რომელიც უამრავი რეკორდის მფლობელია, კვლავაც წუხს იმაზე, რომ 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში, ინგლის-არგენტინის მატჩში, დიეგო მარადონა უსინდისოდ მოიქცა და ამის გამო დღემდე ბოდიში არ მოუხდია.

 

1966 წელს ლესტერში დაწყებული კარიერა, მან 1997 წელს ლეიტონ ორიენტში დაასრულა. შუალედში კიდევ რამდენიმე კლუბი იყო, მათ შორის ყველაზე წარმატებული ნოტინგემ ფორესტი, რომლის შემადგენლობაშიც შილტონმა ორჯერ მოიგო ჩემპიონთა თასი.
20 წლის განმავლობაში ეცვა ინგლისის ნაკრების მაისურა და სარეკორდო - 125 მატჩი ჩაატარა.
მას ყველაზე მეტი 1390 მატჩი ჩაუტარებია პროფესიონალურ დონეზე. უახლოესი მდევრები ბრაზილიელი კარის დარაჯი როჟერიო სენი (1234) და მაესტრო ჩავი არიან, რომელმაც ესპანეთის ნაკრებისა და ბარსელონას ღირსება 1135 შეხვედრაში დაიცვა.
შილტონმა სამ მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშა და „მშრალი“ მატჩების (10) რაოდენობით, რეკორდს ფრანგ ფაბიენ ბარტეზთან იზიარებს.

 

„30 წლიანი კარიერის შემდეგ, არის რაღაცეები, რითაც ვამაყობ, - ამბობს შილტონი, - 125  მატჩი ეროვნულ გუნდში, ეს ფანტასტიკურია. ყველაზე ნაკლები გაშვებული გოლიც ჩემი რეკორდი იქნებოდა, რომ არა გაიძვერა მარადონა.1986 წლის მუნდიალის მეოთხედფინალში მარადონას „ღმერთის ხელმა“ დიდი გავლენა მოახდინა თამაშზე და საერთოდ ტურნირზეც. ცნობილ ფოტოზე კარგად ჩანს, რომ მე უფრო ახლოს ვარ ბურთთან, ვიდრე მარადონას თავი. აი, ამიტომ დაარტყა მან ხელით მოულოდნელად. ახლა ზოგი ამბობს, არგენტინელმა დაგასწროო. კი არ დამასწრო, მომატყუა მეც და მთელი მსოფლიოც.“
ვითომ მარადონას ბოდიში გულს მოფხანდა შილტონს?

„მისი ბოდიში ღირსეული ჟესტი იქნებოდა არა მხოლოდ ჩემს მიმართ, არამედ მთელი ინგლისის ნაკრების მიმართაც, - აგრძელებს ლეგენდარული მეკარე, - ახლა ზოგიერთი ვიდეოარბიტრის სისტემას აკრიტიკებს, მთლად გამართული ვერ არისო, მაგრამ წარმოიდგინეთ ის ჩვენს დროს რომ ყოფილიყო, ყველაფერი სხვაგვარად განვითარდებოდა. მაგრამ მაშინ VAR არ იყო. მარადონამ კი არც ბოდიში მოიხადა და ჩანს, არც მონანიებას აპირებს. რამდენიმე წლის წინ, უარი ვთქვი მასთან ერთად სატელევიზიო შოუში მონაწილეობაზე. სხვაგვარად ვარ გაზრდილი, მოწინააღმდეგის და ფეხბურთის პატივისცემა უმთავრესია ჩემთვის. ჯერ ღირსება უნდა გქონდეს და მერე დანარჩენი ყველაფერი. სხვა მოთამაშეებსაც უკადრიათ ტყული, მაგრამ მერე უნანიათ და საჯარო ბოდიშიც მოუხდიათ. მაგრამ მარადონას საქმისადმი დამოკიდებულება ამტკიცებს, რომ ის არც კი განიცდის საკუთარ თაღლითობას. ჩანს, არასოდეს მოიხდის ბოდიშს. ამიტომ ვამბობ: ვაღიარებ, ძალიან დიდი ფეხბურთელი იყო, მაგრამ როგორც სპორტსმენს პატივს არ ვცემ და ხელს არასოდეს ჩამოვართმევ.“

მაგრამ ამ მატჩში იყო მარადონას კიდევ ერთი გოლი, როდესაც მან ხუთი ინგლისელი მოატყუა და ისე გაიტანა. ნამდვილი შედევრი. 

„ასეთი თაღლითობის შემდეგ, ცოტა ავირიეთ, არაფრით გვჯეროდა, რომ მსაჯი ჩათვლიდა. მარადონამ კი თავისი საქმე შესანიშნავად გააკეთა,“ - ამბობს შილტონი.