რეალის ხუთეულები

5 ფეხბურთელი, რომელმაც შესაძლოა რეალი დატოვოს და 5 მოთამაშე, რომლებსაც სამეფო გუნდმა დაადგა თვალი

სატრანსფერო ფანჯარა მოახლოვდა და რა თქმა უნდა ყურადღების ცენტრშია მადრიდის რეალი. სამეფო გუნდი  გულშემატკივრებს მუდამ სიურპრიზებს სთავაზობს და ყოველთვის ცდილობს მინიმუმ ერთი ვარსკვლავი შეიძინოს. ბლანკოსმა ამჯერად როგორც მსოფლიო ვარსკვლავებს, ასევე ახალგაზრდა პერსპექტიულ ფეხბურთელებს დაადგა თვალი. ასევე არაერთი ცნობა ვრცელდება შესაძლო წამსვლელებთან დაკავშირებით. 

 

მაურო იკარდი

 

მას მერე, რაც ინტერი ჩემპიონთა ლიგიდან გავარდა, საგრძნობლად გაიზარდა იმის შანსი, რომ იკარდიმ გუნდი დატოვოს. არახალია, რომ სამეფო გუნდს ძალიან სურს მისი გადაბირება. AS-ის თქმით უახლოეს მომავალში ფლორენტინო პერესი პირადად შეხვდება ფეხბურთელის გარემოცვას და შეეცდება დაარწმუნოს, რომ ინტერის ლიდერმა რეალის მაისური მოირგოს. იკარდი მეექვსე სეზონია, რაც ნერაძურის ღირსებას იცავს. 200 ჩატარებულ მატჩში მან მეტოქეთა კარი 119-ჯერ აიღო.

 

 

 

კაი ჰავერცი

 

ჰავერცი ბუნდესლიგის მიმდინარე გათამაშების ერთ-ერთი აღმოჩენაა. 19 წლის შემტევი ლევერკუზენში თამაშობს და ამ სეზონში 20 მატჩში 7 გოლთან ერთად 6 საგოლე გადაცემა მიითვალა. გერმანული Bild-ის ცნობით, მისით მიუნხენის ბაიერნი, კატალონიის ბარსელონა და მადრიდის რეალი არიან დაინტერესებულები. ახალგაზრდა შემტევს გერმანიის ნაკრებშიც ჰქონდა დებიუტი. აქვე გეტყვით, რომ ფეხბურთელს პსჟ და მანჩესტერ სიტიც აკვირდებიან.

 

 

სერხიო მორენო

 

მადრიდელთა კიდევ ერთი სატრანსფერო ინტერესი სერხიო მორენო გახლავთ. რაიო ვალეკანოს ფორვარდი საკმაოდ პერსპექტიული ფეხბურთლია. იგი ჯერ 19 წლისაა და მასზე დიდ იმეტებს ამყარებენ. აქვე გეტყვით, რომ მისდამი ატლეტიკო იჩენს, თუმცა პრიორიტეტი რეალს ენიჭება. ცნობისთვის, იმ შემთხვევაში თუ რეალი რაიო ვალეკანოს 25 მილიონ ევროს შესთავაზებს, რაიოს უარის თქმის უფლება არ ექნება.

 

 

ხუან კინტერო

 

კოლუმბიელი შემტევი ამჟამად რივერ პლეიტის ღირსებას იცავს და საკმაოდ კარგი სეზონიც აქვს. სამხრეთ ამერიკელს ევროპაში დაბრუნება სურს, თუმცა არა პორტუში. კოლუმბიელი ფეხბურთელისადმი ინტერესს მადრიდის რეალი იჩენს. ნაკლებ სავარაუდოა კინტერომ ძირითად შემადგენლობაში ადგილი მოიპოვოს, თუმცა იგი როტაციისთვის კარგი ვარიანტი იქნებოდა.

 

ედენ აზარი

 

ედენ აზარი არამარტო რეალისთვის, არამედ ბევრი გუნდისთვის სასურველი ფეხბურთელია. უკვე წლებია, რაც ბელგიელი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის სტატუსით სარგებლობს. თავად ფეხბურთელმა აღიარა, რომ რეალი მისი ერთ-ერთი საყვარელი გუნდია. გამორიცხული არაა ტრანსფერი განხორციელდეს, თუმცა ნაკლებ სავარაუდოა ეს იანვარში მოხდეს.

 

 

კეილორ ნავასი

 

კეილორ ნავასი გასული 3 სეზონის განმავლობაში რეალის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა იყო. მას მერე, რაც ბლანკოსმა ჩელსიდან ტიბო კურტუა შეიძინა, კოსტა რიკელმა ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა. ბოლო პერიოდში ხშირად საუბრობენ მის შესაძლო წასვლასთან დაკავშირებით, თუმცა ნაკლებ სავარაუდოა ეს ზამთარში მოხდეს. იანვარში ნავასს შვილი შეეძინება და ოჯახს მადრიდის დატოვება არ სურს. აქვე გეტყვით, რომ მადრიდელთა კარის დარაჯით იუვენტუსი ინტერესდება.

 

 

მარსელო

 

ზაფხულიდან მოყოლებული არაერთხელ დაიწერა, რომ მარსელოს ტურინის იუვენტუსი ეპატიჟება. ერთი ხანობა იმასაც კი წერდნენ, რომ ბებერ ქალბატონში გადაბარგება თავად ფეხბურთელს სურდა, თუმცა მარცხენა მცველმა ჭორები უარყო და განაცხადა, რომ ბლანკოსის დატოვებას არ აპირებს.

 

 

ვინიციუს ჯუნიორი

 

ვინიციუს ჯუნიორი რეალმა გასული ზაფხულს ფლამენგოდან შეიძინა. ბრაზილიელზე დიდი იმედები მყარდებოდა, თუმცა თამაში ძირითადად კასტილიაში უწევს. კარგა ხანია, იწერება, რომ მისი არენდით აყვანა რეალის ლეგენდარულ ფორვარდ რონალდოს სურს, რომელიც ვალიადოლიდის პრეზიდენტია. ახალგაზრდა შემტევს საკმაოდ ცოტა სათამაშო დრო აქვს და საინტერესოა დათანხმდება თუ არა თანამემამულის წინადადებას.

 

 

ისკო

 

მას შემდეგ, რაც რეალი სანტიაგო სოლარიმ ჩაიბარა, ისკოს საკმაოდ ცოტა სათამაშო დრო ეძლევა. სათქმელია, რომ იგი არაერთი გუნდის სატრასნფერო ინტერესია. ესპანელი ვარსკვლავის გადაბირება იუვენტუსს, მანჩესტერ სიტის, არსენალსა და პსჟ-ს სურთ. აქვე გეტყვით, რომ საქმეში პირადად ფლორენტინო პერესი ჩაერია. ესპანელმა სოლარის სთხოვა, რომ ისკოსთან ურთიერთობა მოაგვაროს.

 

 

მარკოს ასენსიო

 

ტოტენჰემის მთავარ მწვრთნელს მაურისიო პოჩეტინოს, საკუთარ გუნდში მარკოს ასენსიოს ხილვა უნდა. რამდენიმე დღის წინ თავად ფეხბურთელმა განაცხადა, რომ გუნდის დატოვებას არ აპირებს და მისი ერთადერთი მიზანი რეალისთვის წარმატების მოტანაა.