15 460 დღე

თავისი შეცდომით გაწბილებული ფაკეტი ვალვერდესავით გამოუდგა ყიფიანს. მისი ქშენა ყურთან მესმოდაო, ჰყვებოდა მერე ყიფო, მაგრამ…


მომიტევეთ, თუკი ძალიან გაცვეთილ და მობეზრებულ თემაზე ვლაპარაკობ, მაგრამ ჩემი ბრალი არ არის, ფედე ვალვერდეს ბრალია. ეს ვალვერდე, 2020 წლის 12 იანვარს, საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში, ესპანეთის სუპერთასის ფინალში, თავქუდმოგლეჯილი გამოიქცა, ალვარო მორატას წამოეწია და ისეთი სარმა გამოსდო, რომ უდაბნოზე დაგებული ბალახი სულ ცხვირით ათხრევინა. რატომ? იმიტომ, რომ დამატებითი დროის დამთავრებამდე 5 წუთი რჩებოდა, მორატა კი მის მეკარესთან პირისპირ შედიოდა. რასაკვირველია, თეორიულად იყო შანსი, რომ მეკარე გამოვარდებოდა და მორატას არ გაატანინებდა, მაგრამ მეამბოხე იორამისა არ იყოს, „ქაღალდზე მეოცნებეთა დრო წავიდა! საქმეა საჭირო! საქმე!“ ჰოდა ვალვერდეც პირდაპირ საქმეზე გადავიდა.



ასეთი გახლდათ რეალისა და ატლეტიკოს თამაში, რომლის საუკეთესო ფეხბურთელადაც ფედე ვალვერდე დაასახელეს. 



ამ ამბამდე 15 460 დღით ანუ 42 წლით, 3 თვით და 29 დღით ადრე კი სან სიროზე ერთმანეთს ინტერი და თბილისის დინამო ხვდებოდნენ. მაშინ ინტერში იტალიური ფეხბურთის ვარსკვლავი ჯიაჩინტო ფაკეტი თამაშობდა. სწორედ მას აწაპნა დავით ყიფიანმა ბურთი, მილანელების კარისკენ გაიგდო და მიჰყვა. თავისი შეცდომით გაწბილებული ფაკეტი ვალვერდესავით გამოუდგა ყიფიანს. მისი ქშენა ყურთან მესმოდაო, ჰყვებოდა მერე ყიფო, მაგრამ… ფაკეტიმ სარმა არ გამოსდო. არ იკადრა! ის თავს დიდ ფეხბურთელად მიიჩნევდა და მეტოქის განზრახ წაქცევა იუკადრისა.

 

 


ახლა კი გთხოვთ სწორედ გამიგოთ. იმას კი არ ვამბობ, რომ ფედე ვალვერდე უღირსი ადამიანია, ხოლო ჯიაჩინტო ფაკეტი ფრთიანი ანგელოზი იყო. კაცმა არ იცის, ვინ, როდის, როგორ მოიქცევა. მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ 1977 წლის 14 სექტემბრის შემდეგ გასულ 15 460 დღეში ცხოვრება შეიცვალა. და შეიცვალა ფეხბურთიც.



ადრე ასე იყო და მეტწილად ჯერ კიდევ ასეა: მოთამაშე რომ დაშავდება, მეტოქე ბურთს აუტში აგდებს. თუმცა, თანდათანობით ხშირდება შემთხვევები, როდესაც ბურთს აუტში აღარ ისვრიან.  რატომ? ამის შესახებ ჯერ კიდევ როდის თქვა მარჩელო ლიპიმ, დაწინაურებული გუნდები ოინბაზობენ, მათი ფეხბურთელები ძალად კოტრიალობენ, ბურთს აუტში გაგდებინებენ და დრო გაჰყავთო. მაესტროც აპირებდა თავისი ბიჭებისთვის ბურთის აუტში გაადაგდება აეკრძალა, მაგრამ ეტყობა გადაათქმევინეს.



და მაინც, ეჭვი მაქვს, რომ თანდათან საქმე აქეთკენ მიდის.



გოლის ხელით გატანა ხომ დიდი ვარსკვლავების საფირმო ილეთად იქცა. ჩემმა სათაყვანებელმა ფეხბურთელმა, დიდმა… არა, უზარმაზარმა დიეგო მარადონამ 86-ში ინგლისს ხელით შეუგდო და, ხალხმა გაამართლა — სამაგიეროდ, მეორე როგორი გაიტანაო. 



რა შუაშია?



და არიქა, რაკიღა დიეგომ ხელით გაიტანა ესე იგი მოსულაო, აქეთ ანრიმ, იქით რაულმა და თვით ლეო მესიმაც იგივე გაიმეორეს. იმიტომ კი არა, რომ რომელიმე მათგანი ცუდი ადამიანია, უბრალოდ კომერციამ შეგვჭამა მთელი მსოფლიოს, ფულზე ზედმეტად დამოკიდებული გაგვხადა.



მეოცე საუკუნის სამოციანებში, გარინჩამ ვიღაცას ბურთი ფეხებს შორის ვერ გავუძვრინეო და კარში კი არ დაარტყა, უკან დაბრუნდა, იმ ვიღაცას ბურთი ფეხებს შორის გაუძვრინა და ამის მერეღა შეაგდო.



დღეს, ასეთი რაღაც რომც გამოგივიდეს, გუნდიდან გააგდებდნენ, კარიერას დააკარგინებდნენ.

 



ბოლო ათწლეულებში ერთი პაოლო დი კანიო გამოერია განსხვავებული და იმასაც გიჟს ეძახდნენ.


ხომ გახსოვთ დი კანიო? აი, პირველ მერცხალში იასონი დაშავებული მეკარის კარის ბადეში ბურთის შეგდებას რომ არ იკადრებს, ისეთი რაღაცა აქვს გაკეთებული.



მარადონამ კი ხელით 1986 წელს შეაგდო და მგონი სწორედ 80-იანი წლები იყო გარდატეხის ეპოქა. მას მერე ყველა სფეროში კომერციამ იძალა: კინო გინდა, მუსიკა, სპორტის სხვა სახეობები… 



თუმცა, ვინ იცის მთლად ასეც არ იყოს. მე უბრალოდ, ფედე ვალვერდემ ჯიაჩინტო ფაკეტი გამახსენა და ფიქრებიც ამიტომ ამეშალა.



შეიძლება, ზედმეტი მომივიდა.