საქართველო 24:24 ფინეთი - ყველაფერი მოწინააღმდეგის მოედანზე გადაწყდება...

ყველაფერი ფინეთში გადაწყდება...

თბილისის სპორტის სასახლეში, ხელბურთში ჩვენი ნაკრებისთვის ოცწლეულის მატჩი გაიმართა - საქართველოს ნაკრები, ევროპის საკვალიფიკაციო მატჩში, ფინეთს შეხვდა.

 

სასწორზე ძალიან ბევრი რამ დევს, ორმატჩიან დუელში გამარჯვებული გუნდი ევროპის 2022 წლის მთავარ შესარჩევ რაუნდში მონაწილეობის უფლებას მოიპოვებს.

 

დღევანდელი შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოდგა და, საბოლოოდ, მაინც ლოგიკური შედეგით, ფრედ - 24:24 დასრულდა.

 

 

მიუხედავად იმისა, რომ თითქმის მთელი პირველი ტაიმის განმავლობაში ფინელები წინ იყვნენ, ქართველმა ხელბურთელებმა ბოლო წუთებში უკეთ ითამაშეს და მეორე ტაიმში ერთბურთიანი უპირატესობით გავიდნენ - 11:10.

 

როგორც პირველი, მეორე ნახევარიც გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და ჩვენს ნაკრებს ორჯერ სამბურთიანი უპირატესობაც ჰქონდა, თუმცა საბოლოოდ მაინც ფრეს დავჯერდით.

 

საქართველოს ნაკრებში საუკეთსო მონპელიეს შუამარბი გიორგი ცხოვრებაძე იყო, რომელმაც რვა გოლი გაიტანა.

 

რა თქმა უნდა, ჯერ ყველაფერი გადაწყვეტილი არ არის, 19 იანვარს ფინეთის ქალაქ რიიჰიმიაკიში განმეორებითი შეხვედრა გაიმართება, თანაც, ურთიერთშეხვედრების ისტორიას თუ გადავხედავთ, ფინელებს 4-ჯერ შევხვდით, 2 მოვუგეთ, ერთი ფრედ დასრულდა, ერთში კი დავმარცხდით...