ლებრონი, ლუკა, იანისი

აქ იანისის გარდა, კარგი ბიჭები იდგებიან და დასავლეთში - მონსტრები. 

NBA ALL STAR GAME ამ სეზონში წამოიღებს. დასავლეთში პირველ ხუთეულს ლებრონ ჯეიმსი, ენტონი დევისი, კავაი ლეონარდი, ლუკა დონჩიჩი და ჯეიმს ჰარდენი შეკრავენ. ამაზე მაგარ, ჰოლივუდურ და მკვლელ ხუთეულს მე ვერ ვიხსენებ. ხუთივე დაგმარხავს. ხუთივე გაგაქრობს. ხუთივე ცინიზმით მოგეფერება და გაგანადგურებს. ისე, რომ ღია სახით ვერ დაგმარხავენ.

სოლიდური ლუქი აქვს აღმოსავლეთის სტარტინგსაც.

უბრალოდ, აქ იანისის გარდა, კარგი ბიჭები იდგებიან და დასავლეთში - მონსტრები. კაირი ირვინგის პერსონალურ ფანებს ბოდიშს გიხდით. ეს სიმართლეა.

და, თამაშმა უნდა წამოიღოს.

თამაში, რომელიც ჩიკაგოში გაიმართება და იქ, აღმოსავლეთის სათადარიგოდ აუცილებლად აირჩევენ ზაკ ლავინს, რომელმაც ბოლო ინტერვიუში კარიერის საუკეთესო თანაგუნდელად კევინ გარნეტი დაასახელა. ზაკი აზრზეა. გადავხედოთ გამოკითხვას მესამე რაუნდის შემდეგ.

 

აღმოსავლეთი

დაბლები: 1. ტრე იანგი (ატლანტა) – 2 066 924 ხმა; 2. კაირი ირვინგი (ბრუკლინი) – 1 814 618; 3. კემბა უოკერი (ბოსტონი) – 1 797 633; 4. დერიკ როუზი (დეტროიტი) – 1 381 934; 5. კაილ ლოური (ტორონტო) – 848 293.

მაღლები: 1. იანის ანტეტოკუმპო (მილუოკი) – 4 474 107; 2. პასკალ სიაკამი (ტორონტო) – 2 433 411; 3. ჯოელ ემბიდი (ფილადელფია) – 2 398 743; 4. ჯიმი ბატლერი (მაიამი) – 2 046 257; 5. ჯეისონ ტეიტუმი (ბოსტონი) – 1 622 635.

დასავლეთი

დაბლები: 1. ლუკა დონჩიჩი (დალასი) – 4 598 323; 2. ჯეიმს ჰარდენი (ჰიუსტონი) – 2 934 614; 3. დემიან ლილარდი (პორტლენდი) – 984 140; 4. ალექს კარუზო (ლეიკერსი) – 894 827; 5. რასელ უესთბრუქი (ჰიუსტონი) – 837 187.

მაღლები: 1. ლებრონ ჯეიმსი (ლეიკერსი) – 4 747 887; 2. ენტონი დევისი (ლეიკერსი) – 4 412 619; 3. კავაი ლეონარდი (კლიპერსი) – 2 973 076; 4. პოლ ჯორჯი (კლიპერსი) – 1 171 616; 5. ნიკოლა იოკიჩი (დენვერი) – 889 387.