პატრიოტი ბულდოგი

გადარეული კაცის გადასარევი ამბავი

ხუთშაბათს ლეგენდარულ ინგლისელ მეკარეზე გიამბეთ. პიტერ შილტონმა ძველი ამბავი გაიხსენა, უფრო სწორად ძველი გოლი, რომელიც დიეგო მარადონამ 1986 წლის მუნდიალზე მას ხელით გაუტანა და თქვა, არგენტინელ ვარსკვლავს ხელს არასდროს ჩამოვართმევ, სინანულის გრძნობა საერთოდ არ აქვსო. 

დღეს კი კიდევ ერთ დიდ და, ცოტა არ იყოს თავქარიან მეკარეს გავიხსენებთ და მის „ვაჟკაცობებზე“ მოგითხრობთ.  ხოსე ლუის ჩილავერტზე ადრეც ვწერით.  მაგალითად იმას, რომ 1997 წელს პარაგვაი - კოლუმბიის მატჩის დროს, მაშინ ნიუკასლის შემტევ ფაუსტინო ასპრილიას ისეთი ეჩხუბა, პოლიციის ჩარევა გახდა საჭირო. ახლა კი ეს ვთქვათ... 

მეკარე, რომელსაც ბევრი გოლი გაჰქონდა. კაცი, რომელმაც რობერტო კარლოსს შეაფურთხა და ჟურნალისტთან სახალხოდ გამართა მუშტიკრივი. ის პარაგვაის ნაკრების ნამდვილი გახლდათ და თავის დროზე სტრასბურგში, სარაგოსასა და ველეს სარსფილდის კარის დარაჯი.

როცა მის ისტორიას კითხულობ, კიდევ ერთხელ რწმუნდები, რომ ფეხბურთი მხოლოდ თამაში არ არის. ფეხბურთი სოციალური მოვლენაა, რომელიც მილიონობით ღარიბ ადამიანს აძლევს ღირსეულად ცხოვრების საშუალებას. 

 

ჩილავერტი პარაგვაულ გრან ასუნსიონში, ღატაკ ოჯახში იზრდებოდა. ისეთი ღარიბები იყვნენ, რომ შვიდ წლამდე თურმე ფეხსაცმელიც არ ღირსებია. ბავშვობიდან ეხმარებოდა მშობლებს. ძროხებს წველიდა და ბაზარში მიჰქონდა გასაყიდად. ამ დრის ის ხუთი წლის ყოფილა. ღმერთმანი, მისი ამბავი ზღაპარს უფრო ჰგავს, ვიდრე სინამდვილეს.

ეტყობა მძიმე ცხოვრებამ გამობრძმედა და ასეთი შეუდრეკელი, ჯიუტი და მებრძოლიც ამიტომაა. მეტსახელიც ზედგამოჭრილი აქვს - ბულდოგი.

სარაგოსაში თამაშისას, ხშირად ტოვებდა კარს, კარგი ნახევარმცველივით გვარიან დრიბლინგს გამოაცხობდა ხოლმე და ქომაგებს გულს უხეთქავდა, კარი ხომ ცარიელი რჩებოდა. „არასდროს ვაქცევდი ყურადღებას სხვები რას იტყოდნენ. მხოლოდ საკუთარ შესაძლებლობებს ვეყრდნობოდი,“ - ამბობს ჩილავერტი.

 

კარიერის განმავლობაში მან 67 გოლი გაიტანა, მათ შორის რვა ეროვნულ გუნდში, რომელშიც 74 მატჩი ჩაატარა. გოლები მას ძირითადად ჯარიმებით და პენალტებით გაჰქონდა.

თუმცა, ჩილავერტს ერთი უნიკალური მიღწევაც აქვს - ის ერთადერთი მეკარეა მსოფლიოში, რომელსაც ჰეთ თრიქი შეუსრულებია. ეს 1999 წლის ნოემბერში მოხდა, როცა მისმა ველეს სარსფილდმა ბუენოს აირესის ფერო კარილს 6:1 მოუგო.

ყოფილა შემთხვევა, რომ საკუთარი ნახევრიდან გაუტანია საჯარიმო. 

მაგრამ მას მეორე თვისებაც ჰქონდა, რომელიც მთლად კარგად ვერ ახასიათებს. ემოციური ხასიათის გამო ხშირად ხვდებოდა სკანდალებში. ერთხელ, მავან ჟურნალისტს გაუმართა საჯარო მუშტიკრივი, მისი სტატია არ მოეწონა. 2001 წლის აგვისტოში, პორტუ ალეგრიში, ბრაზილია - პარაგვაის დაძაბული შესარჩევი მატჩის შემდეგ, ჩილავერტი მეტოქე რობერტო კარლოსს მიუახლოვდა, ჯერ ხელი ჩამოართვა, შემდეგ კი ტელეკამერების წინ შეაფურთხა. თავი იმით იმართლა, კარლოსი რასისტულ სიტყვებს მეუბნებოდაო.

 


მაგრამ...როცა 1999 წელს კოპა ამერიკა პარაგვაიში ტარდებოდა, მონაწილეობაზე უარი თქვა. მიზეზი? ის ფული, რაც ტურნირის ორგანიზებაზე დაიხარჯა, ჯობდა ქვეყნის ჯანდაცვასა და განათლებას მოხმარებოდაო... პატრიოტული საქციელია...