ლევან მოსეშვილს მოვეფეროთ

ეს უმაგრესი კაცი დიდ ყურადღებას იმსახურებს. 

ძალიან დიდი კაცია.

სასიამოვნო მოსაუბრე. ერუდირებული. ქალაქელი. მეგობრული. მკაცრი. სამართლიანი.

ლევან მოსეშვილთან უბრალოდ, საუბარიც სასიამოვნოა და არ არის აუცილებელი, რომ ეს საუბარი კალათბურთზე იყოს.

როდესაც ვლადიმერ ბოისას წიგნზე ვმუშაობდი, ვოვას შესახებ ბევრ საინტერესო ადამიანს გავესაუბრე. შევეხმიანე ბატონ ლევანსაც. ამოდი, აბა რა, დავილაპარაკოთო, მიპასუხა.

მოიკითხა ჩემი ოჯახი, მოიკითხა ჩემი საქმე, მისაყვედურა, ჭკუა დამარიგა და ენბიეის შესახებ თავისი აზრიც მომახსენა - ლებრონ ჯეიმსს ვგულშემატკივრობ, მაგრამ ისინი (გოლდენ სტეიტი იგულისხმა) მეტნი არიან, მოუგებენო.

იმ საუბრის დროს გამახსენდა თბილავიამშენის ერთ-ერთი თამაში, როდესაც გუნდის ლიდერმა ვერ ჩააგდო, არ დაბრუნდა დაცვაში, მისმა კაცმა ჩააგდო და მოსეშვილმა აიღო წუთშესვენება. გუნდი დაბრუნდა სათადარიგოთა სკამთან და ბატონი ლევანის შენიშვნას ელოდება.

მოსეშვილი გაერიდა სკამს,თითქოს მითითება ვაჟა მხეიძეს (რომელიც მაგრად დაგვაკლდა) უნდა გაეკეთებინა, მაგრამ სწრაფად დაბრუნდა და იმ მოთამაშეს უთხრა, კარგი რა, მე შენი იმედი მაქვს და შენ კიდევ...მოინდომე და აღარ მაწყენინოო. ეს იყო სულ მთელი წუთშესვენება.

იმ მოთამაშემ რამდენიმე მნიშვნელოვანი სროლა გამოიყენა და თბილავიამშენმა მოიგო.

ლევან მოსეშვილი ქართული კალათბურთის, ქართული სპორტის ისტორიაში ყველაზე დიდი გუნდური გამარჯვების მონაწილეა.

მასთან ერთად თბილისის დინამო ჩემპიონთა თასის ფინალში მადრიდის რეალს უგებდა. მანამდე, ნახევარფინალში, მოსკოვის ცსკა გააჩერა. ეს იყო ქართული იმედის და სიამაყის პერიოდი.

დღეს, ბატონი ლევანი ასაკშია, ცდილობს, ჩაუჯდეს ხოლმე კალათბურთს და ეს უმაგრესი კაცი დიდ ყურადღებას იმსახურებს. ჩვენგან, ყველასგან. უფრო, იმათაგან, ვისაც მისი ამაგი დაავიწყდა. მოიკითხეთ ხოლმე, არაფერი დაგაკლდებათ.

მართლა ძალიან დიდი კაცია.