ბითაძემ აკრიფა

10 წუთზე ოდნავ მეტში გოგამ 5 ქულა დაირტყა და 3 სროლიდან 2 ზუსტად შეასრულა. 

ინდიანამ საკუთარ დარბაზში მინესოტას 116:114 გადაუჯოკრა, მაგარი თამაში წაართვა.

ინდიანა არ აგდებს ტემპს და პეისერზის სამწვრთნელო გუნდი სოლიდურად მუშაობს, სიღრმით იგებს. ამ სიღრმეში გოგა ბითაძე ძალიან ღრმად იყო და ჩვენი ბიჭი ნელ-ნელა სინათლეზე ამოდის.

მინესოტასთან გოგა კარგი, სანდო, ეფექტური იყო.

10 წუთზე ოდნავ მეტში გოგამ 5 ქულა დაირტყა და 3 სროლიდან 2 ზუსტად შეასრულა. მშვენიერი სტატისტიკა.  

ბითაძემ 1 მოხსნაც წამოიღო და 2 საჯარიმოდან 1 გამოიყენა.

ინდიანას ფარმ-კლუბში გადაყვანა გოგაზე კარგად მოქმედებს. ბიჭი არ აქცევს ყურადღებას იმას, რაც ამ ყურადღებას არ იმსახურებს და ცდილობს, კალათბურთით იფიქროს, კალათბურთით მიიღოს სიამოვნება.

და, გოგას ეს გამოსდის.

ნუ მიაქცევთ ყურადღებას ბავშვის სტატისტიკას. ბითაძე გადის აკლიმატიზაციას მსოფლიოს უძლიერეს ლიგაში და შემდეგი სეზონიდან უკვე სხვა დონეზე იქნება. მანამდე, სწავლა. ბევრი სწავლა და მოთმენა, რომ შემდეგი რეგულარულიდან ნაკლები შეცდომა და შენიშვნა წამოვიდეს.

ინდიანა აუცილებლად შევა ფლეი ოფში და თუ გაუმართლებს, პირველ წრეში საკუთარი დარბაზის უპირატესობასაც მიიღებს.

ყველას მაგრად გაგვიხარდება, თუ ამაში გოგაც ჩაერთვება.