თორნიკე იყო ყველაფერი

იქ ჩვენი კაპიტანია და თორნიკემ თქვა, არა! დღეს ჩვენ არ წავაგებთ.

ბასკონიამ მადრიდში 95:94 დასვა.

ბასკონიამ მადრიდში რეალს აწყენინა. და, თორნიკე შენგელიამ ამ ბრძოლის ყველა წუთი, ყველა წამი ითამაშა. თორნიკე შეუცვლელი იყო.

40 წუთი.

შენგელიას სტატისტიკა (16 ქულა, 4 მოხსნა, 1 პასი) კარგია, მაგრამ უფრო დამაჯერებელია თოკოს მნიშვნელობა სუსტი და არასტაბილური ბასკონიასთავის, რომელმაც ტურის მთავარი სენსაცია დასვა. მადრიდში რეალს იშვიათად უგებენ.

2014 წლის შემდეგ, ესპანეთში მოთამაშემ პირველად გაატარა მოედანზე შეუცვლელად მთელი ძირითადი დრო. 6 წლის წინ იგივე გააკეთა მარსელინიო უერტასმა.

თოკო 91:91-ზე ტავარეშს მოუტყდა, მიატენა და წინ გაიყვანა ბასკონია.

ფავორიტმა ევროლიგაზე მძიმედ ჩაატარა რუსული ვოიაჟი. წააგო ცსკასთან. და, მოქმედ ჩემპიონთან აგებენ ხოლმე. წააგო ხიმკისთან. და, იქ მკვლელმა ალექსეი შვედმა  21 ქულა და 13 პასი გაშანსა. რეალი რუსეთში გაიყინა.

მადრიდში რეალს ბასკონიამ უჩხვლიტა.

თორნიკეს ბოლოში ალბათ, უნდა ჩაეგდო საჯარიმოები, მაგრამ საბოლოოდ შედეგი რჩება და ბასკონიამ მნიშვნელოვანი მოგება დაირტყა. ბასკონიამ ფავორიტი მიანგრია.

 


რეალში 27 ქულა ფაკუნდო კამპაცომ აკრიფა. და, არასტაბილურმა ნიკო ლაპროვიტოლამ ქულა საერთოდ ვერ აიღო. 10 წუთში. რეალმა არ ათამაშა ჯე სი ქეროლი. რეალმა დალეწილი ენტონი რენდოლფის და რუდი ფერნანდესის გარეშე იყომარა.

და, წაგება მაინც ბასრი იყო.

წაგება გუნდთან, რომელსაც ამ სეზონში თითქმის ყველა უგებს.

იქ, 26 ქულა პიერია ჰენრიმ აკრიფა. ანრი ადრე თბილისის ვითაში დარბოდა.

უბრალოდ, იქ ჩვენი კაპიტანია და თორნიკემ თქვა, არა! დღეს ჩვენ არ წავაგებთ.

ბასკონიამ მოითმინა და ცუდი კალათბურთით კარგი შედეგი მიიღო.

თორნიკე იყო ყველაფერი.